"უმრავლესობის სხდომაზე მოსვლის სურვილი არ მქონდა, მაგრამ არ მინდა ვინმემ თქვას, ჩვენ გავურბივართ დიალოგს და საუბარს"

დღეს აქ მოსვლის შინაგანი სურვილი არ მქონდა, მაგრამ არ მინდა ვინმემ თქვას, ჩვენ გავურბივართ დიალოგს და საუბარს - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან განუცხადა, სადაც უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

ფოფხაძის განცხადებით, მიზანი არის ის, რომ წესიერი და ღირსეული ადამიანები ავირჩიოთ უზენაეს სასამართლოში და თუ  მიზნის მისაღწევად კონსტიტუციის შეცვლაა საჭირო, უნდა შეიცვალოს.

"უნდა შევთანხმდეთ ერთ რაღაცაზე - მიზანი არის ის, რომ არა კანონმდებლობას მოვარგოთ მოცემულობა, არამედ, მიზანი ის არის, რომ წესიერი და ღირსეული ადამიანები ავირჩიოთ უზენაეს სასამართლოში. ამ მიზნისთვის თუ უმრავლესობა მზად არის ყველაფერი გააკეთოს, კანონმდებლობაც ისე მოარგოს ამ მიზანს, როგორც საჭიროა, თუ ვთანხმდებით, რომ კონსტიტუციაც ამას ხელს უშლის, მაშინ კონსტიტუციაც უნდა შევცვალოთ, რადგან ამ შემთხვევაში მიზანია მთავარი და არა ის საშუალება, რომლითაც ეს მიზანი მიიღწევა. კანონმდებლობა არის საშუალება, ხოლო მიზანი - ღირსეული ადამიანების არჩევა უზენაეს სასამართლოში“, - განაცხადა ფოფხაძემ.

ფოფხაძის განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე მისვლის სურვილი არ ჰქონდა.

„სიმართლე გითხრათ, მე შინაგანი სურვილი არ მქონდა დღეს აქ მოსვლის, მაგრამ არ მინდა ვინმემ თქვას, ჩვენ გავურბივართ დიალოგს და საუბარს. ჩემს პოზიციას დღესაც დავაფიქსირებ. მგონია, რომ პრინციპულია, არ გადავუხვიოთ მიზანს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ არ ჩაეკეტოს კარი მედიას და საზოგადოებას ამ საკითხის განხილვის დროს. არანაირად არ შეიძლება პრინციპი იყოს, რომ გუნდურობა ითვალისწინებს ამ საუბრებს მარტო „ქართული ოცნების“ ოფისში. ეს საუბრები უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რადგან ეს არ არის ჩვენი კერძო თემა, ეს არ არის „ქართული ოცნების“ თემა, ეს ეხება საზოგადოებას, შეზღუდვა თუ იქნება გუნდის წევრების მიმართ, ეს არასწორი იქნება“, - განაცხადა ფოფხაძემ.