ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა უმრავლესობის შეკრებაზე პარტიის თავმჯდომარემ დააყენა და მას მხარი პარტიის ხელმძღვანელობასთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა. ამის შემდეგ, როდესაც გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ "შიდა პარტიის დემოკრატიის პრინციპების დარღვევით მოხდა" ანრის წარდგენა, თან ამ განცხადებას აკეთებს უმრავლესობის სხდომიდან მესამე დღეს, ვფიქრობ, რომ მოკლებულია ყოველგვარ ობიექტურ და კონსტრუქციულ გააზრებას; გუნდურობის პრინციპების დაცვაზე აღარაფერს ვამბობ და მის სუბიექტურ ინტერესებზე მეტყველებს.
თუ იმასაც გავიხსენებთ, როგორი პროცედურული და გუნდური პრინციპების დარღვევით მოხდა გედევან ფოფხაძის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩევა, ვფიქრობ, რომ უკვე ორმაგ სტანდარტთან გვაქვს საქმე.
ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ინდივიდუალური და სუბიექტური ინტერესების გამო შეიძლება კოლეგები ასეთ ნაბიჯზე წავიდნენ. ანრი ოხანაშვილი არის გამორჩეული, კომპეტენტური, კეთილსინდისიერი, პატრიოტი და პროფესიონალი ადამიანი. ის IX მოწვევის პარლამენტის აღმოჩენაა ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, რომ მისი საქმიანობა ირუდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს საპარლამენტო საქმიანობაზე და სიკეთის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.