როგორ შეიცვალა კვირიკაშვილის ქონებრივი დეკლარაცია თანამდებობიდან წასვლის შემდეგ

როგორ შეიცვალა კვირიკაშვილის ქონებრივი დეკლარაცია თანამდებობიდან წასვლის შემდეგ

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობის დატოვების შემდეგ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან გააფორმა ხელშეკრულება.

EBRD-ის საერთაშორისო მრჩევლის პოსტზე კვირიკაშვილის შემოსავალმა გასული წლის 6 სექტემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში 29 888 ევრო შეადგინა. ამასთან, მანვე გასულ წელს პრემიერის პოსტზე 1-ლი იანვრიდან 13 ივნისის პერიოდში 23 882,87 ლარის შემოსავალი მიიღო. ეს ინფორმაცია გიორგი კვირიკაშვილის მიერ მიმდინარე წლის 31 იანვარს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული.

მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, კვირიკაშვილის უძრავ-მოძრავი ქონება არ შეცვლილა. კერძოდ, კვირიკაშვილი კვლავ ფლობს, 217,31 კვ. მეტრის საცხოვრებელ სახლსა და 34 კვ. მეტრი ფართობის ბინას თბილისში; ასევე 433 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს დედაქალაქში და დუშეთში მდებარე 243,8 კვ. მეტრის აგარაკსა და 3 475 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, საბანკო ანგარიშზე 4 991,98 ლარი და სხვადასხვა ბანკში 3 677,52 დოლარის, 8 999,82 ლარის, 5 000 ევროსა და 8 435,47 დოლარის საკრედიტო ჰქონდა.

გიორგი კვირიკაშვილი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. დეკლარაციის თანახმად, ყოფილი პრემიერის მეუღლეს საბანკო ანგარიშზე დეკლარაციის შევსების მომენტში 302,84 ლარი ჰქონდა.

რაც შეეხება შვილებს, მისი უფროსმა შვილმა 2018 წელს შეიძინა "საქართველოს ბანკის" აქციები. მასვე საბანკო ანგარიშზე 1 875,95 ლარი ჰქონდა. ამასთან, ის მუშაობდა გასულ წელს „საქართველოს ბანკში" სხვადასხვა პოზიციაზე. კერძოდ, მისი შემოსავალი ბანკის საინვესტიციო ოფიცრად მუშაობისას იანვარ-მარტში 73 262,66 ლარი; უფროსი საინვესტიციო ოფიცრის პოზიციაზე - 1-ლი აპრილიდან 14 მაისის პერიოდში 8 454,55 ლარი; სს „საქართველოს კაპიტალის" უფროსი საინვესტიციო ოფიცრის პოზიციაზე 15 მაისიდან 31 აგვისტოს პერიოდში 10 500 ლარი; ხოლო სექტემბერ-დეკემბერში სს „m2 უძრავი ქონების" დირექტორის მოადგილის პოსტზე ბიზნესის განვითარების მიმართულებით - 24 000 ლარი იყო.