რაღა დროს პარტიიდან გარიცხვაზეა საუბარი?!, – ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას პარტიიდან მის შესაძლო გარიცხვასთან დაკავშირებით.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, მისთვის არ არის საინტერესო, თუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა გადაწყვეტილებას მიიღებს მმართველი პარტია. დეპუტატის განცხადებით, ახლა მთავარია სასამართლო ხელისუფლებაში არსებული გამოწვევების მოგვარება.
ეკა ბესელია თანაგუნდელებს ურჩევს, მშობლის როლიდან არ ისაუბრონ.
„საკითხს ასე არ ვუყურებ. თემას ასე არ დავაპატარავებდი და არ დავიყვანდი. რაღა დროს გარიცხვაზეა საუბარი?! მგონია, რომ ქვეყანაში სხვა პოლიტიკური პროცესია და სხვა ეტაპზე გადავედით. საზოგადოება გაიზარდა და არ მგონია, რომ ასეთი კატეგორიებით უნდა საუბრობდეს მმართველ პარტიაში ვინმე. თითის დაქნევები და დატუქსვები არ უნდა იყოს. ვგავართ იმ ადამიანებს, რომ ვინმემ თითი დაგვიქნიოსდა დაგვტუქსოს? არ მგონია, რომელიმე ჩვენთაგანი ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდეს. მშობლის როლიდან გამოვიდნენ და ზრდასრული როლიდან ელაპარაკონ საზოგადოებას. ყველამ ის გზა გავიარეთ, რომელიც უფლებას გაძლევს, ცოტა უფრო მაღალ რეგისტრში ელაპარაკო მეორეს, რომელმაც გუშინ გაიღვიძა და გაახსენდა, რომ ქვეყანაში სამართლიანობა უნდა დაიცვას”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.