რუსეთმა საქართველოსათვის კომპენსაციის გადახდა გადაწყვიტა

რუსეთმა საქართველოსათვის კომპენსაციის გადახდა გადაწყვიტა

რუსეთის იუსტიციის სამინისტრო თავისი ბიუჯეტის შეცვლას გეგმავს, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ რუსეთისათვის საქართველოს სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს დაკისრებას უკავშირდება.

ამასთან, იუსტიციის სამინისტრო არ აპირებს რუსეთის კონსტიტუციური სასამართლოსათვის მიმართვა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მიზანშეწონილია სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილების აღსრულება. ცნობისათვის, რუსული კანონმდებლობით, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება აქვს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება არამიზანშეწონილად სცნოს და შესაბამისად, მის შესრულებაზე უარი განაცხადოს.

ამის შესახებ რუსული მედია წერს. მათი ინფორმაციით, რუსეთი პრაქტიკულად თანახმაა საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდაზე და მხოლოდ იმის გარანტიას ითხოვს, რომ ოფიციალური თბილისი ამ თანხას „სამართლიანად გაანაწილებს“.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, რუსეთის ხელისუფლებამ 2006 წლის ცნობილი მოვლენებისას ქვეყნიდან გაძევებულ საქართველოს 1500 მოქალაქეს კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის აზრით, რუსეთს აუცილებლად მოუწევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვტილების შესრულება, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მოსკოვმა ეს სავაჭრო თემად გამოიყენოს.

„რუსეთის კანონმდებლობაში ჩადებულია სპეციალური მექანიზმი, რომლის მიხედვითაც რუსეთს შეუძლია საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვტილება თავის ტერიტორიაზე შეუსრულებლად გამოაცხადოს; ანუ, სამართლებრივი თვალსაზრისით, რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უფლება ევროპის სასამართლოს დადგენილება გააუქმოს. ეს აბსურდია, რადგან საერთაშორისო სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე, ევროპის სასამართლოს დადგენილებას უპირატესი ძალა აქვს და მაღლა დგას ეროვნულ კანონმდებლობაზე.

„რაც შეეხება პოლიტიკურ შემადგენლობას, რუსეთი აცნობიერებს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა მის საერთაშორისო პრესტიჟზე იმოქმედებს. შეიძლება ევროპის საბჭოში ხმის უფლება ჩამოერთვას, ამის პრეცენდენტი უკვე იყო ჩეჩნეთში ჩატარებული სამხედრო ოპერაციების დროს, რის შემდეგაც რუსეთი ორი წელი ცდილობდა, რომ მისთვის ხმის უფლება დაებრუნებინათ.

„რადგან რუსეთს უძნელდება იმის აღიარება, რომ არის დამნაშავე, მაგრამ ამ თანხას მაინც იხდის, თანაც ეს თნხა 10 მილიონ ევრო რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიზერულია, არ არის გამორიცხული, რომ ეს პოლიტიკური ვაჭრობის თემა გახადოს. ან სულაც მზაკვრული განზრახვა აქვს - რომ მიპოვოს საქართველოს მოლაქეების კეთილგანწყობა, თუ როგორ ზრუნავს საქართველოს მოქალაქეებზე. მომავალი გვიჩვენებს რომელ სავარაუდო ვერსიას გამოიყენებს რუსეთი 10 მილიონი ევროს გადახდის სანაცვლოდ“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ნიკა ჩიტაძემ.