ვისაც გუნდის დატოვების სურვილი აქვს, კარი ღიაა, შეუძლიათ გუნდი დატოვონ, – ეს კომენტარი “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა, რითაც გედევან ფოფხაძის განცხადებას გამოეხმაურა.
“პარტიულ დისციპლინას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. გუნდში სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობას არავინ ზღუდავს – შეუძლებელია ყველას ყველა თემაზე ერთნაირი მოსაზრება ჰქონდეს. როდესაც მოხდება შეჯერება გუნდში, პარტიის შიგნით, შემდეგ განსხვავებული მოსაზრებების დაფიქსირება არასწორად მიმაჩნია. ეს ხელს უწყობს გუნდის რღვევას – ვისაც გუნდის დატოვების სურვილი აქვს, კარი არის ღია – შეუძლიათ დატოვონ გუნდი!“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გედევან ფოფხაძემ შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობის რიგები დატოვოს. ფოფხაძის თქმით, უმრავლესობის რიგებიდან წასვლის შესაძლებლობის საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებას გაეცნო, რომლის შინაარსსაც არ ეთანხმება.