ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის გადაცემაში „კვირის აქცენტები“ ნიკა გვარამიამ და ეკა კვესიტაძემ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერების საქმე განიხილეს.
დანაშაულებრივ საქმეზე საუბრისას ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება არაერთი ფარული ჩანაწერის ავტორია, რაზეც გვარამია დაეთანხმა და დასძინა, რომ ამას არავინ უარყოფს.
ეკა კვესიტაძე: – „რასაკვირველია, წინა ხელისუფლება იყო ავტორი ბევრი ჩანაწერის“
ნიკა გვარამია: – „ამას არავინ არ უარყოფს… ეკა, პირდაპირ უნდა ითქვას ერთი რამე, რისი ავტორი იყო გადაღების ნაწილში წინა ხელისუფლება – ეს ერთია, მაგრამ გამოქვეყნების ნაწილში რომ არაფრის ავტორი არ ყოფილა პირადი ცხოვრების ნაწილში – ეს მეორე…
ეკა კვესიტაძე: – არა, ეს არ ამსუბუქებს იმის დანაშაულს…
პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების საქმეზე დაკავებული 17 პირიდან სამს — პატიმრობა, 14-ს კი გირაო შეეფარდა. საქმე ეხება 28 და 31 იანვარს ინტერნეტით გავრცელებულ ქართული ოცნების ლიდერის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს.
ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა ორ ნაწილად გაიმართა. პროკურატურა 13 მათგანის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა, ოთხის მიმართ კი გირაოს.
28 და 31 იანვარს ინტერნეტში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა. ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით 16 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოგვიანებით კიდევ ერთი პირი დააკავეს, რომელმაც ვიდეოჩანაწერი YouTube-ზე ატვირთა.