პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აუცილებლად უნდა დადგინდეს ფარული ჩანაწერის გავრცელების წყარო.
მისი თქმით, მმართველი გუნდის ინტერესშია, აღნიშნული საქმე ბოლომდე გაიხსნას.
"მთავარია, ვინ იყო პირველი წყარო, საიდანაც გავრცელდა ეს ინფორმაცია. სწორედ ეს უნდა გამოვლინდეს. გამავრცელებლების კუთხით არის პროგრესი. რაც შეეხება ფარული ჩანაწერის გავრცელების წყაროს, ეს არის ზუსტად მთავარი დასადგენი. პირველ რიგში, სწორედ ჩვენი პოლიტიკური ძალის ინტერესშია, ბოლომდე გაიხსნას ეს საქმე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის განცხადებით, მას აღნიშნულთან დაკავშირებით მუდმივი კომუნიკაცია აქვს სამართალდამცავ ორგანოებთან.
„მე მაქვს ყოველდღიური კავშირი სამართალდამცავ ორგანოებთან. რაც შეეხება პირველ დღეებს, იქ ჯერ კიდევ მიმდინარეობდა მუშაობა, დადგენილიყო თუ რამდენად შეესაბამებოდა რეალობას ერთი დეპუტატის განცხადება. აღნიშნულთან დაკავშირებითაც არის კითხვის ნიშნები და შესაბამისად, ამას ჰქონდა თავისი მიზეზი. ყოველდღიური კავშირი მქონდა სამართალდამცავ ორგანოებთან და შესაბამის მინისტრებთან. აქედან გამომდინარე, ჩემი ჩართულობა არის ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოფილი, რათა საქმე ბოლომდე იყოს გამოძიებული“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებას იმის შესახებ, რომ აღნიშნული ფარული ჩანაწერი შესაძლოა"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყოს გადაღებული, რადგან ჩანაწერში ჩანს "აიფონ 5", კობახიძემ ამას სპეკულაცია უწოდა.
"ესაა მარტივი სპეკულაცია, იქ ტელეფონების გარჩევა საერთოდ შეუძლებელია. ხუთი ჩანს, მაგრამ "აიფონ 5" არ ვიცი", - განაცხადა კობახიძემ.