"კულტურას მეტი დაფასება სჭირდება და ამიტომ ერთ უზარამაზარ სამინისტროში მისი გაერთიანება არ შეიძლება, ის ცალკე სტრუქტურად უნდა ჩამოყალიბდეს"- ასე ეხმაინება კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი, გავრცელებულ ინფრმაციას, რომ ოპტიმიზაციის მიზნით გაერთიანებული სამინისტროები, შეიძლება ისევ ცალკე სტრუქტურებად ჩამოყალიბდეს.
"სხვა სამინისტროების შესახებ ვერაფერს ვერ მოგახსენებთ, მაგრამ, მე როგორც კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანი, მივესალმები, თუ დღის წესრიგში დადგება კულტურის სფერო გამოეყოს განათლების სამინისტროს და ისევ ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდეს.
"კულტურა მნიშვნელოვანი თემაა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და მას მეტი დაფასება სჭირდება. მის აღორძინებაზე უნდა ზრუნავდეს, როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სექტორი.
"ჩემი აზრით, თავიდანვე დაუშვებელი იყო კულტურის სამინისტროს გაერთიანება ამ უზარმაზარ სამინისტროში, რადგან არცერთ ქვეყანაში ასე არ არის.
"ჩვენმა პრეზიდენტმაც განაცხადა, რომ კულტურა ისეთივე პრიორიტეტული უნდა იყოს, როგორც ჯანდაცვა და ეკონომიკა. ამიტომ, მეტი ფიქრი და ქმედებაა საჭირო, რომ კულტურის სფერო გახდეს პრიორიტეტი"- განაცხადა "რეზონანსთან" მერაბ კოკოჩაშვილმა.