"რა ვიცით, რომ "ყაზტრანსგაზს" არ აკონტროლებს, დავუშვათ, რუსული "გაზპრომი"?

"ყაზტრანსგაზის" მსგავსი ბუნებრივი მონოპოლისტების შემთხვევაში, რომელთაც ძალიან დიდ სოციუმთან უწევთ კონტაქტი თავიანთი მომსახურებით, ტექნიკური უსაფრთხოების საკითხთან ერთად, დგება სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხიც," - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

"როდესაც ამა თუ იმ კომერციულ დაწესებულებას აქვს ურთიერთობა ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილთან, პოლიტიკური ინტერესის გაჩენის შემთხვევაში შესაძლოა პროვოცირება მოხდეს და ხელი შეეწყოს განსაზღვრული პროცესების განვითარებას. ეს იქნება გამოხატული ავარიებით, ფსევდოფორსმაჟორის შექმნით თუ სხვა რამით, ძნელი სათქმელია, თუმცა ასეთი საფრთხეები რეალურია.

ამიტომაც უმნიშვნელოვანესია, ზუსტად ვიცოდეთ, ვინ არიან ამგვარი სტრატეგიული ბუნებრივი მონოპოლიების მფლობელები და რა რისკებს შეიძლება უკავშირდებოდეს ეს. ის, რომ არ ვიცით, ვინ არის "ყაზტრანსგაზის" მფლობელი, ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს ბადებს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ არის ის - ფიზიკური პირი თუ სახელმწიფო კომპანია. მაგალითად, "სოკარზე" ვიცით, რომ ეს არის აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია და გარკვეული რისკები ამ თვალსაზრისით პროგნოზირებადია.

აი, მე ვკითხულობ: რა ვიცით, რომ "ყაზტრანსგაზს" არ აკონტროლებს, დავუშვათ, რუსული "გაზპრომი"?" - განაცხადა ხუხაშვილმა "კვირის პალიტრასთან".