გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ორი ან მეტი ძროხის ყოლის შემთხვევაში მეპატრონეს საფასურის გადახდა და ფინანსური ვალდებულებები დაეკისრება, სინამდვილეს არ შეესაბამება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წლიდან ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია სავალდებულოა იმ ფიზიკური პირებისთვის, ვინც აწარმოებს და ბაზარზე განათავსებს სურსათს.
სააგენტოს ცნობით, ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია უფასოა.
„აღნიშნული რეგულაცია ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად განხორციელდება.
რეგულაციის მთავარი მიზანი მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვაა, სამომხმარებლო ბაზრის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის გზით. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს სურსათის მიკვლევადობას და სურსათის წარმოებისას თანამედროვე სტანდარტების და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დანერგვასა და დაცვას. ფერმერებს სურსათის უვნებლობის სპეციალისტები მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას და გაუწევენ რეკომენდაციებს," - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.