"არ შეშინდეთ ქალბატონებო! არ დაფრთხეთ და არ დაითრგუნოთ! როცა ასეთ მეთოდს მიმართავენ - მიზანს ვერ უნდა მიაღწიონ!"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია საზოგადოებას მოუწოდებს, პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს ნუ შეინახავენ და ნუ გაავრცელებენ, რათა არ მოხდეს კიდევ უფრო მეტი ადამიანის დაკავება.

ბესელია განმარტავს, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს თუ  ვინ არის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ორგანიზატორი.

დეპუტატი საზოგადოებას სოლიდარობისთვის მადლობას უხდის.

“მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოხატა! საოცარი თანადგომა ვნახე. განსაკუთრებით, უცხო ადამიანების მხრიდან... მომდის ათასობით სოლიდარობის წერილი...

ყველა განსაცდელი გზრდის და გაძლიერებს!

არ შეშინდეთ ქალბატონებო! არ დაფრთხეთ და არ დაითრგუნოთ! როცა ასეთ მეთოდს მიმართავენ - მიზანს ვერ უნდა მიაღწიონ!

და ბოლოს: მე არ მინდა ვატარო სხვა ოჯახების, ახალგაზრდა გოგონების და ბიჭების ტრაგედია და ტკივილი... ვიქნები ჰუმანური მათ მიმართ ვინც უნებლიეთ გაეხვა ამ დანაშაულებრივ ქსელში. გამოძიებამ ორგანიზატორი უნდა დაადგინოს! გაუფრთხილდით საკუთარ თავისუფლებას, ნუ შეინახავთ, გაიზიარებთ და გაავრცელებთ უკანონო ჩანაწერს.

მე მინდა დავიცვა ახლა ყველა შემდეგი ქალი ძალადობისა და მორალური ტერორისგან! “ - წერს ბესელია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი  ფარული ჩანაწერების გავრცელების გამო 17 პირი დააკავა.