გიგი უგულავა უკრაინის ეკლესიის მეთაურის, ეპიფანეს ინტრონიზაციას დაესწრო

გიგი უგულავა უკრაინის ეკლესიის მეთაურის, ეპიფანეს ინტრონიზაციას დაესწრო

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი  ლიდერი,  გიგი უგულავა, უკრაინის ეკლესიის მეთაურის ეპიფანეს ინტრონიზაციას დაესწრო.

უგულავამ კიდევ ერთხელ მიულოცა უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიიის მინიჭება და მწუხარება გამოთქვა, რომ საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლობა ცერემონიალზე არ იმყოფებოდა.

“პირველ რიგში, მინდა მივულოცო უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელ ხალხს, ვინაიდან ძალიან ბევრი თაობის ოცნება ასრულდა დღეს, როდესაც ვზეიმობთ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის დაარსებას და მისი საჭეთმპყობლის ინტრონიზაციას. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლები აქ არ იმყოფებიან. აქ არ იმყოფება საქართველოს ელჩი და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენს მთავრობას კარგად არ აქვს გაცნობიერებული, ამ ფაქტის ისტორიული მნიშვნელობა. ძალიან დიდი დღეა დღეს მართლმადიდებლურ სამყაროში. პრაქტიკულად, ახალი ეკლესია დაიბადა, რომელიც უმნიშვნელოვანეს ფუნქციას შეასრულებს მართლმადიდებლური ქვეყნების ცხოვრებაში. “ევროპული საქართველოს“ დელეგაციას გვაქვს პატივი დღეს ვიყოთ აქ და მივულოცოთ უკრაინელ ერს და უკრაინის სახელმწიფოს ეს უმნიშვნელოვანესი ისტორიული ფაქტი“, - განაცხადა  უგულავამ.

შეგახსენებთ, იანვრის დასააწყისში, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების ტომოსს ხელი მოაწერა.