კიდევ ერთი ოჯახური ტრაგედია დატრიალდა 1-ელ თებერვალს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტოთუბანში. 31 წლის გაგა ფერაძემ უმცროს ძმას, 25 წლის დავით ფერაძეს, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში გადაჭრილი სანადირო თოფიდან ესროლა. როგორც ამბობენ, მან ერთხელ გაისროლა და ძმას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, მისი დახმარება ვერავინ შეძლო, ის ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარს თვითმხილველები ჰყავს, თუმცა ისინი ჯერჯერობით მკვლელობის მოტივზე არ ლაპარაკობენ. არსებული ინფორმაციით, ტრაგედიის დროს სახლში ბიჭების მამაც იყო, რომელიც ამ უმძიმესი ტრაგედიის თვითმხილველია. ის მომხდარით შოკირებულია და ლაპარაკი უჭირს.
სოფელ მარტოთუბანში გამგებლის წარმომადგენელი დავით გაჩეჩილაძე:
"ყველანი გაოგნებულები და შეწუხებულები ვართ მომხდარით. ჯერჯერობით არ ვიცით მკვლელობის მოტივი და განცვიფრებულები ვართ, ვერ აგვიხსნია რატომ უნდა მოეკლა ძმას ძმა, მათ შორის კონფლიქტი ადრე არასოდეს ყოფილა.
ბიჭებს რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალათ დედა, რომელიც საბერძნეთში იყო სამუშაოდ წასული და იქიდან ჩამოასვენეს. ტრაგედიის დროს სახლში მხოლოდ მამაკაცები იყვნენ. როგორც ამბობენ, ყველანი ნასვამები იყვნენ. ბიჭებს ერთი და ჰყავთ, რომელიც ამავე სოფელში, სხვა უბანშია გათხოვილი. დავითი 3 წელია თბილისში ტაქსის მძღოლად მუშაობდა, სოფელში რამდენიმე საათის ჩამოსული იყო. ეტყობა მერე სუფრა გაშალეს. მეზობლები ამბობენ, დავიშალეთ, ეზოში ჩამოსულები ვიყავით, უცებ ჩხუბის ხმა რომ გავიგეთო. გამოვიდნენ და უცებ გაისროლა ერთმა და მეორე მოკლაო.
მკვლელობაში ბრალდებული ნასამართლევია, წარსულში წვრილმანი ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს. დაახლოებით ერთი წელი გაატარა ციხეში და 2018 წელს გამოვიდა. სოფელში არანაირი სამუშაო არ არის, გაგა არსად მუშაობდა. რამდენიმე დღის წინ გახდა დავითი 25 წლის...
მკვლელობა ღამით, ორის ნახევარზეა მომხდარი. განადგურებულია მამა, რომელიც ამ საშინელებას შეესწრო", - ამბობს დავით გაჩეჩილაძე.