„მე ოხანაშვილს არანაირიად არ დავუჭერ მხარს და არცერთ ამ გუნდის წარმომადგენელს. მხარს დავუჭერ მხოლოდ და მხოლოდ ამ მხარეს, რადგან ეს ადამიანები მართლაც გულანთებულად იბრძვიან ამ უსამართლობის წინააღმდეგ - თუნდაც გოგიჩაიშვილს, ფოფხაძეს, ბესელიას. მათ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით „ქართული ოცნების" გამარჯვებაში. იმ ადამიანების არსებობის შესახებ საერთოდ არც ვიცოდი, სანამ პარლამენტში მოხვდებოდნენ", - აღნიშნავს პარლამენტარი დავით ჭიჭინაძე „რეზონანსთან" საუბრისას.
„ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის დღევანდელი შეხვედრის დაწყებამდე, იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განცხადება გააკეთა, სადაც მან ოთხი ძირითადი საკითხი დაასახელა, რომელიც მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობას შეეხება.
„სამუშაო ჯგუფის ფორმატთან დაკავშირებით, მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ კრიტერიუმებზე და პროცედურებზე ვიმსჯელოთ ჩვენ პარლამენტში კანონმდებლებმა და არ მოხდეს ამ პროეექტის დაწერა იმ მოსამართლეების მონაწილეობით, რომელთაც ინტერესტთა კონფლიქტი აქვთ. მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა რომ შეჩერდეს და მნიშვნელოვანია ამ ცვლილების მხარდაჭერა.
„ეს ცვლილება უკვე მომზადებული მაქვს, როგორც წინა სხდომაზე შევთანხმდით. მესამე ეს არის თავად კრიტერიუმები და პროცედურა, რომელიც უნდა მივიღოთ კანონში, როგორც ახალი მექანიზმი, რომ დავაზღვიოთ რისკები და გაიმართოს ჯანსაღი პროცესი მოსამართლეთა შერჩევის და ავირჩიოთ საუკეთესო მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში. მეოთხე - უნდა ვიმსჯელოთ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის საკითხთან დაკავშირებით," - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისათვის, ამ დროისთვის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დავით მათიკაშვილია. გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტია ამ თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილის წარდგენას გეგმავს.
ვინ დაიკავებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას? დავით ჭიჭინაძის თქმით, უნდა მოხდეს საკითხის ისე გადაწყვეტა, რომ საზოგადოებაში კითხვის ნიშნები არ დარჩეს.
„უნდა გადაწყდეს ისე, რომ საზოგადოებისთვის არ დარჩეს არანაირი კითხვა. მოსამართლეები და ის ჯგუფი, რომელიც „ქართული ოცნებაში" მხარს უჭერს მოსამართლეებს, დაეპატრონენ მეტად მნიშვნელოვან კომიტეტს. იკვეთება ისეთი სიტუაცია თითქოს რაღაცის ლობისტებად გვევლინებიან და დაავიწყდათ ამ ადამიანებს, რომ ხალხის ინტერესების დამცველები უნდა იყვენენ და არა მოსამართლეების ინტერესების დამცველები.
„ამას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს და უმრავლესობაც ათვითცნობიერებს, - იმედია გადაწყვეტილება იქნება ისეთი კანდიდატურის შერჩევაზე, რომელიც მისაღები იქნება საზოგადოებისთვის და ეჭვებს არ გააჩენს," - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.