მათ თუ ჰგონიათ, საზოგადოებას დაავიწყდა, ვისი დამზადებულია ეს პირადი ჩანაწერები უკანონოდ, ვის ჰქონდა ეს შენახული და ვინ მართავდა თავის დროზე ამ მეთოდებით, ძალიან შემცდარან, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს. მისი შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ამ ყველაფრის სათავეზე საუბარი საზოგადოების შეურაცხყოფაა.
„ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით არის პრინციპული. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს თანაგუნდელს, მიუღებელია პირადი ცხოვრების ამსახველი ნებისმიერი მასალით მანიპულირება, მისი გავრცელება და რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდით შსს-ს, რომ დროული რეაგირება მოახდინა, გამოავლინა ის, ვინც ავრცელებდა და სავარაუდოდ, ის ადამიანიც, ვინც ეს პირველად ატვირთა ინტერნეტში.
აქვე მინდა გამოვეხმაურო ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის სრულიად უპასუხისმგებლო და ცინიკურ განცხადებებს, სადაც მათ მიუთითეს, რომ ჩვენ გვაინტერესებს სათავე სად არის ამ ყველაფრისო. მათ თუ ჰგონიათ, რომ საზოგადოებას დაავიწყდა, ვისი დამზადებულია სერიებად ეს პირადი ჩანაწერები უკანონოდ, ვის ჰქონდა ეს შენახული და დასაწყობებული, ვინ მართავდა თავის დროზე ამ მეთოდებით, ძალიან შემცდარან. ასე რომ, თუ ისინი ეძებენ სათავეს, ისინი იპოვიან საკუთარ თავს. ამიტომ ამ კითხვის დასმა ერთგვარად საზოგადოების მოტყუების, შეურაცხყოფის მცდელობაც კი არის, ვინაიდან ამ ჩანაწერების სათავეში მთელმა საზოგადოებამ იცის, რომ სწორედ ის ადამიანები დგანან, ვინც ამ უპასუხისმგებლო პილიტიკურ განცხადებებს აკეთებენ ამ დღეების განმავლობაში”, – განაცხადა თალაკვაძემ.