ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ჭიათურაში, დაკრძალვაზე დააკავეს, თავს არ ცნობს დამნაშავედ. ედავებიან, რომ მას ეს ვიდეო ჰქონდა და შემდეგ რომელიღაც ჯგუფში ჩააგდო, 12 კაციან ჯგუფში გაავრცელა. იმ ჯგუფიდან როგორც ვიცი, დაკავებული არავინ არის, – ამის შესახებ ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ანტონ ღლონტის ადვოკატმა ლალი ბიბილეიშვილმა განაცხადა.
არსებული ინფორმაციით, პროკურატურა მის მიმართ პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
“მოვითხოვ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ან მინიმალური ოდენობის გირაოს შეფარდებას მოვითხოვ. ახალგაზრდა ბიჭია, ორსული ცოლი ჰყავს, ტყუპებს ელოდებიან. ქართული ცნობისმოყვარეობა იყო, დააინტერესა რა იყო, ეს არის დანაშაული?” – აცხადებს ბიბილეიშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლო ფარულ ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 9 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს.