სკოლის გამოცდები ვინც გააუქმა, იმან თავის დროზე ალბათ დიდი სტრესი მიიღო

სკოლის გამოცდები ვინც გააუქმა, იმან თავის დროზე ალბათ დიდი სტრესი მიიღო

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი განათლების სისტემაში შეტანილ ცვლილებებს სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება.

"კაცო, სკოლის გამოცდები საერთოდ გაუქმდა?! ვინც გააუქმა, იმან თავის დროზე ალბათ დიდი სტრესი მიიღო გამოცდებით, თორემ მთლად უგამოცდოდ დარჩენა იქნებოდა?!

ჩვენ რომ ჩავაბარეთ მე-8 კლასშიც და გამოსაშვები გამოცდებიც, რამე დაგვაკლდა?! დარწმუნებული ვარ, კერძო სკოლები გამოცდებს შეინარჩუნებენ, საჯარო სკოლებში კი არ ჩატარდება.

ახლა ის უნდა გავარკვიოთ, სად სწავლობენ ან სად ემზადებიან მისაღები გამოცდებისთვის მაღალჩინოსნების შვილები და ადვილად მივხვდებით, 10-15 წლის შემდეგ ვინ იქნება უფროსი და ვინ - ხელქვეითი. არ მითხრათ, რომ ვისაც სწავლა უნდა, ისედაც ისწავლისო. ძალიან კარგად ვიცი ეგ ამბავი. მე პირადად სკოლაში (საბჭოთა სკოლაში) ვსწავლობდი და არც რეპეტიტორებთან მივლია. არც მჭირდებოდა, ისე გვასწავლიდნენ და არც საშუალება გვქონდა, დამატებითი ფული გადაგვეყარა. ვიჯექი და სახელმძღვანელოებით ვსწავლობდი და წიგნებს ვკითხულობდი. მაინც ვერ გავიგე, გამოცდები როგორ უშლის ხელს ცოდნის შეძენას და თუ ცოდნა გაქვს, გამოცდა რას დაგიშავებს?!

მოკლედ, კი ვიცით, რომ "თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი" (ზოგიერთი პოლიტიკოსი და დეპუტატი არ ითვლება, მაგათ რომ ცოდნა არა აქვთ, თვითონ კი არა, ეს ქვეყანა გასტანჯეს), მაგრამ თუ კაცსა ცოდნა აქვს, გამოცდა რატომ გასტანჯავს?! პირიქით, უფრო თავდაჯერებული არ გახდება?!

ვიღაც აქაც მოამზადებს ბავშვს და უცხოეთში მის სწავლასაც დააფინანსებს, მაგრამ ვისაც საშუალება არ აქვს, იმის ბავშვს "სხვათა მოჯამაგირობისთვის" ვწირავთ?! რატომ, რადგან "ადვილად იტყვის ენაო"?!

ამიტომ, სკოლებს მიხედეთ, სკოლებს!

როცა სხეულზე გამოგაყრით, მხოლოდ მალამოს წასმა გშველით თუ გამონაყარის მიზეზს ადგენთ?!

"გამოაყარა" განათლების სისტემას და ახლა გამოცდების გაუქმებით ცდილობენ "ნაყვავილარის" დაფარვას.

სახიფათოა ეს "შეღავათები".

გაითვალისწინეთ, რომ "თავს სინანული სჯობია ბოლოჟამს დანანებასა","-წერს ბონდო მძინარაშვილი.