დაკავებულთა რაოდენობა ალბათ გაიზრდება – ჩემი ინტერესი არ არის უამრავი ადამიანი დავაპატიმროთ, იმიტომ რომ ვერ ხვდებოდნენ რას სჩადიოდნენ

დაკავებულთა რაოდენობა ალბათ გაიზრდება – ჩემი ინტერესი არ არის უამრავი ადამიანი დავაპატიმროთ, იმიტომ რომ ვერ ხვდებოდნენ რას სჩადიოდნენ

დაკავებულთა რაოდენობა ალბათ გაიზრდება, რადგან ბევრი ადამიანი იყო ჩართული უკანონო ქმედებაში – ეს განცხადება უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ შს სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიისთვის გააკეთა.

”შევხვდი მინისტრის მოადგილეს, ქალბატონ მეზვრიშვილის და კრიმინალური პოლიციის უფროსს. შეხვედრის მიზანი იყო ინფორმაციის გაცვლა და რა ინფორმაციაც მინდოდა მიმეღო. საგამოძიებო მოქმედება არ დაგვიგეგმავს. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. მნიშვნელოვანია, გავაფრთხილოთ ჩვენი მოქალაქეები რომ არ მოხდეს ბევრი ადამიანის დანაშაულებრივ ქმედებაში გაუაზრებლად ჩართვა. უკანონო ჩანაწერის განხორციელება და გავრცელების გარდა, შენახვაც არის სისხლის სამართლის დანაშაული. რამდენიმე პირი არის დაკავებული, რომელსაც არც კი ჰქონდა გააზრებული, ისე ახორციელებდა ჩანაწერის გაზიარებას თუ შენახვას.

დაკავებულთა რაოდენობა ალბათ გაიზრდება, რადგან ბევრი ადამიანი იყო ჩართული უკანონო ქმედებაში. აუცილებლად უნდა მივიდეს გამოძიება დანაშაულის ორგანიზატორთან. მხოლოდ იმ პირების დაკავება არ არის მნიშვნელოვანი, რომელთაც ინტერესი ჰქონდათ, თუ გაუცნობიერებლად აკეთებდნენ, ან პოლიტიკური ანტიპათიით იზიარებდა და ავრცელებდა, ესეც დასჯადია სისხლის სამართლის წესით. ეს უნდა იყოს პრევენცია. ჩემი ინტერესი არ არის უამრავი ადამიანი დავაპატიმროთ იმიტომ რომ ვერ ხვდებოდნენ რას სჩადიოდნენ, თუმცა, კანონის არცოდნა არ ათავისუფლებს მოქალაქეს სისხლის სამართლის პასუხისგებისგან. საჭიროა მივიდეთ იქამდე, ვინც ეს დაგეგმა. ეს არის პრინციპული ამოცანა. რა მიზანიც ჰქონდათ, იმას ვერ მიაღწევენ!

ჩემი გაჩუმების მიზანი იყო, ახლა სადაც ვდგავარ, ამ პოზიციაზე, სამართლიანობისთვის, გამართული სასამართლოსთვის, ამ მიზნიდან ჩამოშორება. ეს მიუღწეველი მიზანია. ამ ბრძოლაში, რა ბარიერებიც არ უნდა შემხვდეს, გადავლახავ! ვისაც მე ვებრძვი, ვუპირისპირდები, ველოდები მათგან აკრძალული მეთოდების გამოყენებას. არა მხოლოდ თანაგუნდელები, თუმცა, ასეთ ადამიანებს თანაგუნდელებად ვერ მივიჩნევ. ადამიანების ეს ჯგუფი არის იმის გაგრძელება, რასაც ვებრძოდით წლების განმავლობაში. არ გამოვრიცხავ იმ რეჟიმს და ხელისუფლებას, სააკაშვილის რეჟიმს და მის წარმომადგენლებს, არ გამოვრიცხავ სასამართლოს შიგნით მყოფ ჯგუფებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ბრალს არავის ვდებ!”, – განაცხადა ბესელიამ.