მოსწავლეებზე, რომლებმაც შარშან საატესტატო გამოცდები ვერ ჩააბარეს, სავარაუდოდ სკოლის დონეზე იმსჯელებენ, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.
კითხვაზე: მოეხსნებათ თუ არა გამოცდები მათ, ვინც შარშან გამოსაშვები გამოცდები ვერ ჩააბარა? განათლების მინისტრი პასუხობს, რომ დეტალებზე უახლოეს დღეებში ისაუბრებს.
„ყველა ასეთი კითხვისთვის პასუხი სავარაუდოდ, ორშაბათს გვექნება. იმ ბავშვებმა, რომლებმაც შარშან ვერ ჩააბარეს გამოცდები, ამ საკითხის განხილვა სავარაუდოდ, სკოლის დონეზე მოხდება. წინასწარ რომ არ ვისაუბრო, დეტალებზე უახლოეს დღეებში ვისაუბრებთ. ერთადერთი მიზანი გვაქვს - ყველას დავეხმაროთ, რომ პრობლემა გადაიჭრას", - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
მე-12 კლასელებისთვის წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები აღარ ჩატარდება. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
თავდაპირველი გადაწყვეტილებით, 2019 წელს გამოსაშვები გამოცდები მხოლოდ მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაუქმდა, ხოლო მე-12 კლასელებისთვის წელს გამოცდების შენარჩუნება იგეგმებოდა.