არსებული ინფორმაციით, ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით დაკავებული პირებიდან ერთ-ერთი მომღერალი, პროექტ „იქს ფაქტორის“ ერთ-ერთი მონაწილე, გიორგი გასვიანია. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
შსს-ში არ ასაჯაროვებენ დაკავებული პირების ვინაობას და არც სხვა დეტალებზე საუბრობენ.
დაკავებული მომღერლის, გიორგი გასვიანის ადვოკატმა, კახა ხვისტანმა განაცხადა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა გიორგი გასვიანს სამსახურში გუშინ მიაკითხეს და იქ მოხდა მისი დაკავება.
მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დაკავებული პიროვნება მომღერალია, როგორც ჩანს, საზოგადოებაში გაურკვევლობა მაინც გაჩნდა, გარკვეულმა ნაწილმა მიიჩნია, რომ დაკავებული ახალგაზრდა ცნობილი ტელეწამყვანი და მსახიობი გიორგი გასვიანია. – ამ შესახებ მან სოციალურ ქსელში მიმართვაც გაავრცელა:
“დააკავეს მომღერალი გიორგი გასვიანი, ჩემი “სეხნია”, ნიუსებშიც ყველგან წერია, რომ “მომღერალი”და ფოტოც თანდართულია, მიუხედავად ამისა, მაინც მთელი ქვეყანა მირეკავს გაოგნებულ-დაპანიკებული… არა მეგობრებო, მე არ მეხება ეს ამბავი! რაც შეეხება პირადი ცხოვრების კადრებს, ყოველთვის, ერთ-ერთი პირველი ვიდექი და ვდგავარ მაგ ყველაფრის წინააღმდეგ! აქციებით ადრე, გადაცემებით, “ფბ”- სტატუსებით და პროტესტებით! მეზიზღება ეგ თემა!!!”, – წერს მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შენახვა-გავრცელების ფაქტზე ქვეყნის მასშტაბით 16 პირი დააკავა. ამის შესახებ საგანაგებო ბრიფინგზე ცენტრალური კირმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ეს პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.
დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება გრძელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გამავრცელებელი სხვა პირების დასადგენად.