ზოგიერთი მათგანი საწოლზე დამხობილი აღმოაჩინეს, ზოგი სააბაზანოსთან

ზოგიერთი მათგანი საწოლზე დამხობილი აღმოაჩინეს, ზოგი სააბაზანოსთან

ქეთევან წამებულის 67 ნომერში, გაზის გაჟონვის შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას  შსს-ში დაუდასტურეს.  როგორც ტვ-“პირველს” ადგილობრივი უყვება, გარდაცვლილთა შორის არის მამა-შვილი.

“მაქვს ინფორმაცია, რომ გარდაცვლილია 7 ადამიანი, მათ შორის მამა-შვილი, ასევე ნათესავები და ახლობლები. ისინი იმყოფებოდნენ მე -7-ე სართულზე, როდესაც გაზის, წყლის გამათბობელი გაიხსნა, მოხდა არასრული წვა, ანუ გამოიყო C0. ზოგიერთი მათგანი საწოლზე დამხობილი აღმოაჩინეს, ზოგი იპოვეს სააბაზანოსთან მისულ მდგომარეობაში, გაგუდული. სუნი და რაიმე მსგავსი არავის უგვრძნია, არც სამეზობოლოში“, – ამბობს ადგილობრივი ტვ პირველთან საუბრისას.

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ქეთევან წამებულის ქუჩაზე არიან მხოლოდ გარდაცვლილები, დაშავებულების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არის.

სერგეენკოს განმარტებით, პირველადი ინფორმაციით, მოხდა მხუთავი აირით, CO-თი გარდაცვალება.

„ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მოხდა უბედური შემთხვევა, რის შედეგადაც გარდაცვლილია 7 ადამიანი. წინასწარი მონაცემებით, ეს არის მხუთავი აირით, CO-თი გარდაცვალება. რაც შეეხება სხვა დეტალებს, ადგილზე უკვე მიმდინარეობს გამოძიება და იმედია, მალე გვექნება შედეგები. ამ 7 ადამიანის გარდაცვალება დადასტურებულია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. დაშავებულები არ არიან, სამწუხაროდ, 7 ადამიანი გვყავს გარდაცვლილი“, – განაცხადა სერგეენკომ.