თბილისში 19 საფეხმავლო ხიდის დემონტაჟსა და განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიას სოციალურ ქსელში “ფეისბუქი” ეხმაურება:
“ვაღიაროთ, ამ მახინჯი და უფუნქციო ხიდების აღება სწორია და კარგი.
ამ ფორმით სრულიად უფუნქციო და ზედმეტი სასკოლო გამოსაშვები გამოცდების გაუქმება კარგია და სწორი”, – წერს გვარამია”ფეისბუქის” პირად გვერდზე.
ცნობისთვის, ნიკა გვარამია “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში, გარკვეული დროის განმავლობაში განათლების მინისტრი იყო.
თბილისის მერიის მიერ დეკლარირებული პრიორიტეტების შესაბამისად, დედაქალაქის ქუჩები ქვეითთათვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ველოსიპედისტებისთვის უსაფრთხო და ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. ფეხით მოსიარულეთათვის საფეხმავლო ხიდებით სარგებლობა არაკომფორტული და არაპრაქტიკულია.
2019 წლის აპრილის ბოლომდე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახური შუქნიშნებს რეკონსტრუქციას ჩაუტარებს და ქვეითთა გადასასვლელებს მოაწყობს შემდეგ ლოკაციებზე: ვაჟა-ფშაველასა და პეკინის გამზირების, ჭავჭავაძის გამზირისა და ბერძენიშვილის ქუჩის, წერეთლის გამზირისა და ევდოშვილის ქუჩის, გურამიშვილის გამზირისა და ზიგზაგის, ლიახვის, ქსნის, გუდამაყრისა და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების გზაჯვარედინებზე.
წლის ბოლომდე შუქნიშნების ახალი ობიექტები დამონტაჟდება და „ზებრა გადასასვლელები“ დაიხაზება:
– ყაზბეგის გამზირზე, N52 საჯარო სკოლასთან;
– ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარედ;
– ცოტნე დადიანის გამზირზე, N4 საჯარო სკოლასთან;
– რობაქიძის გამზირისა და ბელიაშვილის ქუჩების გადაკვეთასთან;
– რობაქიძის გამზირზე, მაღაზია „წითელქუდასთან“;
– მარშალ გელოვანის გამზირზე, „აგროჰაბთან“;
– რუსთავის გზატკეცილის N6-ის მიმდებარედ;
– შანდორ პეტეფის ქუჩაზე, N151 საჯარო სკოლასთან;
– გურამიშვილის გამზირის N15-თან არსებულ საცხოვრებელ სახლთან;
– გორგასალის N111-თან და N111ა-სთან;
ჩამოთვლილ 19-ვე ადგილზე ხიდების დემონტაჟია გათვალისწინებული.
რაც შეეხება, განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს, 2019 წლიდან სკოლებში საატესტატო გამოცდები უქმდება მე-11 კლასელებისთვის, ხოლო 2020 წლიდან მე-12 კლასელებისთვისაც. ამავე დროს სავალდებულო აღარ იქნება ეროვნული გამოცდების დროს ზოგადი უნარების ჩაბარება, კერძოდ კი ამას კონკრეტული უნივერსიტეტი განსაზღვრავს.