პარლამენტი იმ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას უბრუნდება, რომლის მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ყველა ტიპის სამოხელეო დანაშაულზე იქნება შესაძლებელი.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 1-ელ თებერვალს დაგეგმილ სხდომაზე იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ პროექტს განიხილავს, რომლის საფუძველზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებები სამოხელეო დანაშაულების მთლიან თავზე (თავი XXXIX) გავრცელდება.
მოქმედი კანონმდებლობით კი, ფარული საგამოძიებო მოქმედებების და კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება შესაძლებელია, თუ გამოძიება დაწყებულია და სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება განზრახ მძიმე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ან “სისხლის სამართლის კოდექსის“ შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის გამო.
იუსტიციის სამინისტრო “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირებს. უწყება განმარტავს, რომ მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო უწყება, კანონის დებულებებიდან გამომდინარე, მოკლებული იყო შესაძლებლობას, მობილური ოპერატორებისგან გამოეთხოვა ელექტრონული ინფორმაცია ცალკეული პირების სატელეფონო კავშირების და მომსახურე ანძების შესახებ, რაც ევროპული სასამართლოს დიდი პალატის აზრით, უნდა გაკეთებულიყო.