"შეიძლება ზედმეტს ვთხოვ საელჩოს, მაგრამ მეჩვენება, რომ მან მეტი დაინტერესება უნდა გამოიჩინოს, რომ მიაწოდოს აქაურ საზოგადოებას, მედიას სწორი ინფორმაცია, სინამდვილეში რა დგას სააკაშვილის ემიგრაციასთან "თამაშის" უკან...", - ამ პოსტს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ჟურნალისტი რუსუდან წერეთელი სოციალური ქსელის პირად გვერდზე აქვეყნებს.
"მიუხედავად ბოლო დროს ჩემს მიმართ დაწყებული მორალური დევნისა თუ შანტაჟის ფონზე, სულ ვფიქრობ, კობა სუბელიანი, რომელიც ამერიკაში სააკაშვილის მარჯვენა ხელია და მისი ყველა შეხვედრის ორგანიზატორი, რის საფუძველზე სთხოვს ამერიკის საემიგრაციოს პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭებას, მაშინ როცა მისი პარტია "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტშია და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს საკუთარი კანდიდატიც ჰყავდათ?!
უფრო მეტიც, ამ პარტიის ლიდერებსა თუ რიგით წევრებს აქვთ სიტყვისა და აზრის გამოხატვის სრული თავისუფლება ყველა მედია საშუალებებში.
ახლა ვკითხულობ, ვინ უნდა მიაწოდოს ეს ინფორმაცია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, საემიგრაციოს, უსაფრთხოების სამსახურს ან სუბელიანის ადვოკატს, რომელიც მას ერთგვარ შეცდომაშიც შეჰყავს?! ვისი პრეროგატივაა ეს საელჩოსი? საგარეო საქმეთა სამინისტროსი? რაში გამოიხატება ბატონი სუბელიანის შეზღუდვა ან თუნდაც დევნა, როცა მისი პარტიის ლიდერებს არავინ ერჩის?! მაშინ რა აქვს ასეთი ჩადენილი რომ საქართველოში არ ედგომება?!
წინა სტატუსში ვწერდი "ნაციონალების" რამდენიმე მხარდამჭერზე... მათ შორის კობა სუბელიანზე და იმ მოარულ ხმებზე, რომ ის მოხუცს უვლის და ასე გააქვს თავი... ზღაპარია ეს ყველაფერი და დღესავით ნათელია ვის და რატომ სჭირდება ამ ე.წ. ისტორიით გულის აჩუყება.
შეიძლება ზედმეტს ვთხოვ საელჩოს, მაგრამ მეჩვენება, რომ მან მეტი დაინტერესება უნდა გამოიჩინოს... რომ მიაწოდოს აქაურ საზოგადოებას, მედიას სწორი ინფორმაცია, სინამდვილეში რა დგას სააკაშვილის ემიგრაციასთან "თამაშის" უკან... როგორც ქართველი და ქვეყნის გულშემატკივარი, ნებისმიერ ვითარებაში გავაგრძელებ წინააღმდეგობას მათ მიმართ, ვისი მოქმედებაც ვნებს, ჩემი თვალთახედვით, ჩემი სამშობლოს დღევანდელობას და მის მომავალს... ასე ვხედავ მე, სააკაშვილის ვიზიტებს აშშ-ში ემიგრანტებთან შესახვედრად.
შესაძლოა ვინმემ ზედმეტად ჩათვალოს ჩემი დაინტერესება, მაგრამ, ასეთი "ჩხირკიდელაობა" ჩემი, როგორც ჟურნალისტისა და მოქალაქის მოვალეობაა!", - წერს რუსუდან წერეთელი.