მივიღეთ მონსტრი, რომელმაც ჩვენვე გადაგვყლაპა და დაგვღეჭა

მივიღეთ მონსტრი, რომელმაც ჩვენვე გადაგვყლაპა და დაგვღეჭა

"რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია უზენაეს სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. გვარამიას თქმით, რაც ახლა სასამართლოში ხდება, მისი და მისი გუნდის შეცდომების მთელ სერიას მოჰყვა.

"ახლა ვფიქრობდი სასამართლოზე. ჩემს პირად შეცდომებზეც, ჩემი გუნდის შეცდომების მთელ სერიაზე. ამ შეცდომების გამო, რა მონსტრი მივიღეთ და მერე ჩვენვე როგორ გადაგვყლაპა და დაგვღეჭა. დღევანდელ კატასტროფაზე, რომელიც რაღაც გაუგებარ კლანს ეწერება, რომელიც სინამდვილეში ივანიშვილის პირადი პრეტორიანული გვარდიაა სასამართლოში.

არასოლიდური და არარელევანტურია იმაზე საუბარი, რომ ვიღაც 6-7 კაცი/ქალი თუ წავა, რამეს ეშველება. დარჩება 250 და იქედან გამოიჩეკება ახალი კლანი და მოგვიბრუნდებიან და გვეტყვიან – ხო წავიდნენ, ხო შეგისრულდათ მოთხოვნა? ხოდა ხმა ჩაიგდეთ ახლაო. გავლილი მაქვს და ვიცი, ასე მოხდება. მოკლედ, კლანი კი არა, ივანიშვილი უნდა წავიდეს და ისეთი არ უნდა მოვიდეს, ვინც უკვე საკუთარი თავისთვის დაიწყებს სასამართლოში პირადი გვარდიის ძერწვას“, - წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოსამართლეთა შერჩევის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე იმსჯელეს. სამუშაო ჯგუფში შედიან: საპარლამენტო უმრავლესობის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები.