"ასეთი ფორმით ქალბატონი ბესელიას იძულება ხდება, რომ დატოვოს "ოცნება“ - ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დეპუტატ დავით ჭიჭინაძის მიერ გავრცელებულ სკანდალურ განცხადებას, რომლის თანახმადაც, "სოციალური ქსელებით გავრცელდა სიბინძურე“ - ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი.
“საკუთარი გუნდის წევრი ქალების ურჩობისთვის დასჯის ასეთი სასტიკი და არადამიანური მეთოდი სიგნალია სხვებისთვისაც, რომ ჭკვიანად იყვნენ. ამჯერად, ასეთი ფორმით ქალბატონ ბესელიას იძულება ხდება, რომ დატოვოს "ოცნება". ამის შემდეგ ივანიშვილს იმედი აქვს, რომ სასურველ მოსამართლეებს გაიყვანს. აქ ის ძალიან სცდება.
ეს მონა მონსტრები უზენაესის უვადო მოსამართლეები ვერ გახდებიან არა იმიტომ, რომ ბესელია-გედევანს არ უნდათ, არამედ იმიტომ რომ საზოგადოების უკლებლივ ყველა ჯგუფია წინააღმდეგი, მათ შორის "ოცნების" უპირობო მომხრეებიც კი. ამ საქმის საფუძვლიანი გამოძიების და დამნაშავეების დასჯის გარეშე, კადრების გავრცელებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ივანიშვილის და ამ ხელისუფლების კისერზე იქნება!” - წერს უგულავა სოციალურ ქსელში.
გიგი უგულავა კადრების გავრცელებაზე პასუხისმგებლობას მთლიანად ივანიშვილსა და ხელისუფლებას აკისრებს.