2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ უნივერსიტეტებს უფლება ექნებათ, თავიანთი პროგრამის რელევანტური და არჩევითი გამოცდა (მათ შორის ზოგადი უნარები) სურვილის შემთხვევაში თავად დაამატონ.
პირველ ეტაპზე მათ ამაში გამოცდების ეროვნული ცენტრი დაეხმარებათ.
2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურისა და უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება ყველასთვის.
მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლის პროგრამების მიხედვით – მათემატიკა- ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, ისტორია – ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში.
უნივერსიტეტებს პროგრამის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, უფლება ექნებათ, თავად განსაზღვრონ გადასალახავი ბარიერი თითოეული საგამოცდო საგნისთვის.
პრეზენტაციაზე ასევე ითქვა, რომ ჩარიცხვები ისევ ცენტრალიზებულად განხორციელდება, თუმცა შეიცვლება საგრანტო დაფინანსების წესი, რომელშიც სავალდებულო საგანთა ახალი ნუსხა იქნება გათვალისწინებული. შეიცვლება წესი, რომლის მიხედვითაც არჩევით საგანში ჩაჭრის ან გამოცდაზე არგამოცხადების შემთხვევაში აბიტურიენტი კარგავდა გრანტის მიღების შესაძლებლობას. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ეროვნული გამოცდების ფორმატში ცვლილებების განხორციელება არ იგეგმება.