საქართველო რელიგიურ ომში არ უნდა ჩაერთოს და საკუთარ ინტერესებზე უნდა იფიქროს - ამის შესახებ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიაზე საუბრისას ბოდბის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანამ საკუთარ ინტერესებზე უნდა იფიქროს, რადგან მხოლოდ უკრაინის ავტოკეფალიაზე ფიქრი არაფერში დაეხმარება.
"ჩვენ რელიგიურ ომში არ უნდა ჩავერთოთ. საქართველოს ინტერესებზე ვიფიქროთ. ჩვენ გვაქვს აფხაზეთი და პირდაპირ გეუბნებით, ვთქვათ ვცანით და რუსეთმა მიიერთა აფხაზეთი, დააწერინა, ჯარებიც ჰყავს, დააწერინა და მიიერთა, მერე ჩვენთან ვინც არიან, რას იტყვიან, ვინც ემხრობა იმას, მაინც წაგვართმევდაო? კარგიაო? მარტო უკრაინაზე ხომ არ უნდა ვიფიქროთ. მე, პირველ რიგში, ჩემს სახელმწიფოზე ვიქრობ, ჩემს ქვეყანაზე ვფიქრობ და უცხოეთშიც რომ დავდივარ, საქართველოსთვის დავდივარ ხოლმე, არა მარტო უნივერსიტეტისთვის, რომ იცოდეთ“, – განუცხადა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, 6 იანვარს სტამბოლში წმინდა გიორგის ტაძარში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს ტომოსი ანუ ბრძანება გადასცა. ამით, უკრაინის ეკლესია ოფიციალურად გამოეყო რუსეთის ეკლესიას და ფორმალურად გაფორმდა ოქტომბერში მიღწეული შეთანხმება, ავტოკეფალიის მინიჭებაზე.
კიევის პატრიარქმა, ფილარეტმა ჯერ კიდევ სექტემბერში, შეთანხმების მიღწევამდე განაცხადა, რომ ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს მხარდაჭერას ელოდება, თუმცა საქართველოს საპატრიარქომ პოზიციის დაფიქსირებას თავის შეკავება არჩია. ამის მიზეზად კი ის დაასახელა, რომ კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებული თითოეული მხარის ოფიციალურ და საბოლოო პოზიციას ელოდებოდა. მაშინ პატრიარქის მდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნა, რომ საკითხზე სინოდის სხდომაზე იმსჯელებდნენ. თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ოკუპაციის პირობებში კონსტანტინოპოლის ეკლესიის უპირობო მხარდაჭერა არასწორი იქნებოდა. ამ დრომდე ავტოკეფალიის საკითხზე საუბრისგან თავს იკავებს თავად პატრიარქი ილია მეორეც.