მეტად დაინტერესებული ვართ იმ დისკუსიებით, რომლებიც თებერვლიდან განახლდება პარლამენტში, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა „აჭარის ტელევიზიის“ეთერში სასამართლო სისტემაზე საუბრისას განაცხადა.
ჟურნალისტი დაინტერესდა ქართულ სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციით. როს უილსონის თქმით, საქართველოს მომავლისთვის სასამართლო სისტემის განვითარება მნიშვნელოვანია.
„მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაიბრუნა, აშშ მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას და განსაკუთრებით, სასამართლო სისტემის სრულყოფას, მის დამოუკიდებლობასა და კანონის უზენაესობას. გასული წლების განმავლობაში, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლეთ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან და სასამართლო სისტემის რეფორმის სამი ტალღა გატარდა. ეს კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია, როცა საქართველო ცდილობს დააინტერესოს უცხოელი ინვესტორები, როცა საქართველოს მისწრაფება ევროკავშირთან დაახლოებაა და მის ნაწილად გახდომის სურვილი, როცა საქართველო ცდილობს შექმნას ღია, თავისუფალი და დამოუკიდებელი საზოგადოება.
ამრიგად ჩვენ მეტად დაინტერესებული ვართ იმ დისკუსიებით, რომლებიც თებერვლიდან განახლდება პარლამენტში. დრო გვიჩვენებს რა პროგრესი ექნება საქართველოს ამ თვალსაზრისით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისათვის“, – განაცხადა ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.