იქნებიან თუ არა სკანდალურად ცნობილი მოსამართლეები სამუშაო ჯგუფში, ეს გადამწყვეტი არაა

იქნებიან თუ არა სკანდალურად ცნობილი მოსამართლეები სამუშაო ჯგუფში, ეს გადამწყვეტი არაა

„რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი აზრისათვის, რომელსაც დეტალებში ჩახედვის ვალდებულება არ აქვს, ალბათ, მისაღები იქნებოდა მათ გარეშე (10 მოსამართლის) ამის გაკეთება", - ასე შეაფასა უმრავლესობის წარმომადგენელმა რომან კაკულია მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების განმსაზღვრელ სამუშაო ჯგუფში იმ მოსამართლეების მონაწილეობა, რომლებიც პარლამენტისათვის წარდგენილ სკნდალურ სიაში იყვნენ.

„რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელის რომან კაკულია აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფში მათი ყოფნა შეგვიძლია ორი კუთხით განვიხილოთ:

„თითქოს, ერთი შეხედვით, შეიძლება იმის თქმა, რომ მათ გარეშე ჯობდა სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტება, რადგან ისინი დიდი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ. მაგრამ არსებობს მეორე მხარეც - შიგნითვე თუ მიეცემათ მათ საკუთარი მოსაზრებების გამოთქმის შესაძლებლობა, შემდეგ არ იქნებოდა პრეტენზია, რომ ამ პროცესში ჩართვისას უფრო მეტად შეეძლებოდათ თავიანთი აზრის დაფიქსირება.

„ამ ორი მოსაზრებიდან, მაინც და მაინც თუ უნდა ავირჩიოთ ის, თუ რომელი ჯობია, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი აზრისათვის, რომელსაც დეტალებში ჩახედვის ვალდებულება არ აქვს, ალბათ, მისაღები იქნებოდა მათ (მოსამართლეების) გარეშე ამის გაკეთება", -აღნიშნა რომან კაკულია.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი საბოლოო გადაწყვეტილება და საზოგადოების რეაქციაა, რომელიც თავად განსაზღვრავს, რამდენად მართებული გადაწყეტილება იქნა მიღებული:

„თუმცა ვფიქრობ, რომ მარტო ამაში არაა პრობლემა, მთავარი საბოლოო გადაწყვეტილებაა - რა კრიტერიუმები იქნება შერჩეული და როგორ მიიღებს ამას საზოგადოება. ყველაფრის საბოლოო საზომი მაინც ისაა, რამდენად გასაგებ და მისაღებ გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენ საზოგადოებისათვის.

„ყველა ნიუანსი, რომელიც გასათვალისწინებელია, საზოგადოებისთვის, ყოველ შემთხვევაში მისი უდიდესი ნაწილისთვის, უნდა იყოს გასაგები. ეს ნიუანსები არ უნდა იყოს ჩაკეტილი ადამიანების ძალიან ვიწრო წრეში", - დასძინა რომან კაკულიამ.