ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა.
„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ჩვენს ეროვნულ დღესასწაულს ნინოობას. წმინდა ნინოს ლოცვა გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს.
მინდა, გავიხსენო ჩემი აფხაზეთში ყოფნის პერიოდი. იქ მოღვაწეობდნენ უდაბნოში სასულიერო პირები. ხშირად ჩამოდიოდნენ ქალაქში და მიყვებოდნენ, თუ როგორ მოღვაწეობდნენ უდაბნოში. ერთ მონაზონს ჰქონდა ასეთი ჩვენება, წმინდა ნინო გამოეცხადა და უთხრა, რომ დღესაც დავდივარ და ვქადაგებ სახარებას საქართველოშიო. ეს დღესაც გრძელდება. ღვთის მადლით, წმინდა ნინო არ ტოვებს საქართველოს.
ჩვენ სახლში გვქონდა ხატების დიდი კუთხე. იქ აუცილებლად იყო სამი ხატი -საქართველოს დიდება, მამა ღმერთი და წმინდა ნინოს ხატი. მქონდა ასეთი ჩვენება – მყავდა უფროსი ძმა თეიმურაზი, ახალგაზრდა გარდაიცვალა, 28 წლის.ვკითხე, ლოცულობდა თუ არა ჩემთვის, რა თქმა უნდა, ვლოცულობო, ეს ხალხი ყველა ლოცულობსო და მიჩვენა საქართველოს დიდების ხატი. დიდება და მადლობა უფალს წყალობისთვის,”– აღნიშნა ილია მეორემ.