2 რუსული ბომბდამშენი 5 ამერიკულ-კანადური საბრძოლო თვითმფრინავის წინააღმდეგ

2 რუსული ბომბდამშენი 5 ამერიკულ-კანადური საბრძოლო თვითმფრინავის წინააღმდეგ

გასულ ღამეს აშშ-მა და კანადამ საკუთარ სამხედრო-საჰაერო ძალების ხუთი თვითმფრინავი გაააქტიურა, რათა ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის თავზე 2 რუსული სტრატეგიული ბომბდამშენისა და რაკეტმზიდის, „ტუ-160"-ების ფრენა გაეკონტროლებინა. მიზეზი ის იყო, რომ რუსული ბომბდამშენები კანადის საზღვარს მიუახლოვდნენ და მათი მხრიდან კანადის საჰაერო სივრცის დარღვევის საფრთხე გაჩნდა.

„ტუ-16" მსოფლიოში ყველაზე მძიმე სტრატეგიული ბომბდამშენია. რუსული თვითმფრინავების კონტროლისთვის ცაში გაუშვეს F-22-ისა და CF-18-ის ტიპის ორ-ორი ავიაგამანადგურებელი და „ავაქსის" ტიპის მზვერავი თვითმფრინავი. ამის შესახებ 26 იანვარს ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის კონტინენტალურმა სარდლობამ (NORAD) სოციალურ ქსელ „ტვიტერში" გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა.

ამერიკული თვითმფრინავები ალიასკის სამხედრო-საჰაერო ბაზიდან გამოფრინდნენ:

„E-3 AWACS-მა, F-22-ის ტიპისა და CF-18-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებმა ამოიცნეს ორი რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი, ტუ-160 Blackjack (ნატო-ს კლასიფიკაციით), რომელიც შევიდა კანადის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში", - ნათქვამია NORAD-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას.

ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის კონტინენტალურმა სარდლობამ დაადასტურა, რომ რუსული სტრატეგიული ბომბდამშენები საერთაშორისო საჰაერო სივრცეში იმყოფებოდნენ და არ დაურღვევიათ რომელიმე ქვეყნის საზღვარი.

25 იანვარს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ დაგეგმილია ორი რუსული რაკეტების გადამზიდის „ტუ-160"-ის ფრენა ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანეში, ნეიტრალური წყლების თავზე. კერძოდ, ფრენა დაიგეგმა ბარენცის ზღვის, ლაპტევებისა და კარის ზღვების თავზე.

15 საათიანი ფრენისას პილოტებმა ივარჯიშეს ჰაერში ყოფნისას თვითმფრინავში საწვავის დამატებაში.

ცნობისთვის, „ტუ-160" - „თეთრი გედი" ითვლება მსოფლიოში ყველაზე მძიმე საბრძოლო თვითმფრინავად, რომლესაც ჰაერში ყოფნა 25 საათის განმავლობაში შეუძლია და ამასთანვე, თითოეულ ბომბდამშენს ერთდროულად 12 რაკეტის გადაზიდვა შეუძლია.