„არ ვიცი და არც მაინტერესებს, რა ცვლილებებს ითხოვს „ევროპული საქართველო", რადგან ამ საკითხისადმი მაქვს ჩემი დამოკიდებულება. ვიმსჯელებ ყველა იმ წინადადებაზე, რომელიც მომეჩვენება გონივრულად და არ მაინტერესებს ვინ დააყენებს ამ წინადადებას", - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი მოსამართლეთა შერჩევის სამუშაო ფორმატის შეცვლასთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის მოთხოვნას.
27 იანვარს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" მოსამართლეთა შერჩევის ახალ კრიტერიუმებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრაზე მყოფთა ნაწილმა სამუშაო ჯგუფის ფორმატის შეცვლა მოითხოვა და შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. მათი უკმაყოფილების მთავარი მიზეზი ისაა, რომ სამუშაო ჯგუფში ჩართული არიან ის მოსამართლეები, რომლებიც იუსტიციის საბჭოს მიერ შედგენილ უვადოდ დასანიშნ მოსამართლეთა სკანდალურ სიაში შედიოდნენ.
„შეთავაზება გვაქვს, რომ კვოტები განისაზღვროს - მოსამართლეთა წარმომადგენლობა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები, არამოსამართლე წევრები, სახალხო დამცველი, ადვოკატთა ასოციაცია, არასამთავრობო სექტორი უფრო სერიოზული შემადგენლობით და ასევე პოლიტიკური ჯგუფები. უნდა შემცირდეს ჯგუფის შემადგენლობა, რომ შესაძლებელი იყოს მუშაობა. უნდა გაიწეროს დებულება, რადგან დღეს ყველაფერი ჰაერშია გამოკიდებული", - განაცხადა „ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ოთო კახიძემ.
„რეზონანსთან" საუბრისას დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, მოსამართლეთა შერჩევის სამუშაო ფორმატის შეცვლა საჭიროა და ამ საკითხზე უმრავლესობა უკვე მუშაობს.
„არჩევის წესი უნდა შეიცვალოს, არაერთხელ განმიცხადებია მეც და ძალიან ბევრ უმრავლესობის წევრს. ამაზე მიმდინარეობდა მუშაობა ორი დღის განმავლობაში და, ჩემი აზრით, მოსამართლეთა შერჩევის სამუშაო ფორმატი უნდა შეიცვალოს. მაგრამ, როგორ უნდა შეიცვალოს, ამას ვერ გეტყვით, რადგან მუშაობა ჯერ არ დამთავრებულა.
„ერთი, რაც მე ვიცი - ეს უნდა იყოს საჯარო, გამჭვირვალე და მსჯელობა უნდა იყოს ბევრად უფრო სიღრმისეული. პარლამენტსა და, მათ შორის, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ მოისმინოს პასუხები ყველა იმ კითხვაზე, რა კითხვაც არსებობს საზოგადოებაში", - დასძინა გია ჟორჟოლიანმა.
მისივე თქმით, პარლამენტში კიდევ არის შესული დამატებითი წინადადებები, რომელიც განიხილება:
„რამდენადაც მე ვიცი, არასამთავრობოებმა და სხვებმა შეიტანეს თავიანთი წინადადებები ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში და ამ ყველაფერს განვიხილავ, რის შემდეგაც მივიღებ ჩემს გადაწყვეტილებას", - აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა.