„ძალიან შედეგიანი შეხვედრა იყო

„ძალიან შედეგიანი შეხვედრა იყო" - „ოცნებაში“ მოსამართლეების თემაზე როგორც იქნა შეთანხმდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დასრულდა. ორდღიანი მსჯელობისა და საუბრის შემდეგ, როგორც დეპუტატები აცხადებენ, მოსამართლეთა საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის რამდენიმე პრინციპზე შეთანხმდნენ:

„ვთანხმდებით, რომ ღია კონკურსის გზით მოხდეს კანდიდატების შესვლა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომ შემდეგ საბჭომ ისინი დაასახელოს უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებად.

„ძალიან შედეგიანი შეხვედრა იყო. საბოლოო გადაწყვეტილებები იქნება ისეთი, როგორიც ქართულ საზოგადოებას სურს. შემიძლია რამდენიმე ძირითადი პრინციპი ვთქვა. ერთი - საზოგადოება ითხოვს, რომ ეს პროცესი იყო მაქსიმალურად საჯარო და გამჭვირვალე, ამიტომაც, ჩვენ ვთანხმდებით, რომ ღია კონკურსის გზით მოხდეს კანდიდატების შესვლა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომ შემდეგ საბჭომ ისინი დაასახელოს უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატებად.

„მეორე არის ის, რომ სწორედაც იმ კრიტერიუმების და მათ შორის, კეთილსინდისიერების ყველა ასპექტის ჭრილში იქნება განხილული საკითხი საპარლამენტო კომიტეტებსა და პლენარულ სხდომაზე. მესამე - პარლამენტის ყველა წევრი იქნება თავისუფალი კენჭისყრის დროს და მიიღებს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას ინდივიდუალურ პერსონასთან მიმართებაში. ვფიქრობ, საინტერესო ვერსიაზე ჯერდება უმრავლესობა, რაც იმედია, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მისაღები აღმოჩნდება," - განაცხადა ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ „პრინციპული შეთანხმება მიღწეულია."

„შეხვედრის მეორე დღე კიდევ უფრო ნაყოფიერი აღმოჩნდა. პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება პრინციპულად მიღწეულია. ახლა ტექნიკურ საკითხებზე მიდის შეთანხმებები, როგორც იყო მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება", თუნდაც რთული საკითხებიდან ჰპოვებს ყოველთვის გამოსავალს.

„ეს გამოსავალი იქნება საზოგადოების ინტერესთან თანხვედრაში, ისე, რომ ის პროცესი, რაც ეხება ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტს, სასამართლოს და მის შერჩევის კრიტერიუმს, ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს იქნება გამჭვირვალე, აქ დეპუტატებს ექნებათ საშუალება, რომ ინდივიდუალურად საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ, ყოველგვარი გუნდური ვალდებულებების გარეშე. პროცესი იქნება გამჭვირვალე და პროცესი იქნება შედეგზე ორიენტირებული," - განაცხადა ხუნდაძემ.