“ვფიქრობ, საერთოდ აზრამდე და პრინციპებამდე მივედით ისე, რომ აქ ბევრი საკამათო არ დარჩება”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, პარტიის ოფისში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მდინარაძის თქმით, სასამართლოში მოსამართლეთა გამწესების საკითხთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა, კვირას გაიმართება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე გაუძღვება. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სამუშაო ჯგუფის დაანონსებულ შეხვედრაზე, ირაკლი კობახიძე მიდის მანდატით, რომ საერთო აზრი გაახმოვანოს.
“თქვენ ნახეთ რომ უმრავლესობის სხდომა 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღეს მან 7 საათზე მეტი გასტანა. ყველა შემთხვევაში პირველი შედეგი ის არის, რომ როდესაც კვირას, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ჩვენი წარმომადგენლები და პარლამენტის თავმჯდომარე, (რომელიც ხელმძღვანელობს ამ ჯგუფის შეხვედრას) მივა, მან იცის თითოეული დეპუტატის აზრი, და მან იცის დაახლოებული პოზიცია პრინციპებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ შევძელით და ამაში ბიძინა ივანიშვილის როლია ძალიან დიდი, მან შეძლო, მოდერაცია ამ პროცესის იმგვარად, რომ პოზიციები პრინციპებთან დაკავშირებით მაქსიმალურად დაახლობულიყო, და შესაბამისად, ირაკლი კობახიძე მიდის მანდატით სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, რომ საერთო აზრი გაახმოვანოს ამ ჯგუფში. ვფიქრობ, საერთოდ აზრამდე და პრინციპამდე მივედით ისე, რომ აქ ბევრი საკამათო არ დარჩება, არის რამდენიმე დეტალი მართლაც არის რაზეც ალბათ მსჯელობა გაგრძელდება.
ვენეციის კომისია ცალკეული წარმომადგენლობა თვლიდა, რომ იუსტიციის საბჭოს საქმიანობაში ჩვენ ვერეოდით იმ ფორმით, რომ ჩვენ ვწერდით, რომ საქართველოს პარლამენტმა უნდა აირჩიოს მოსამართლეები, რა თქმა უნდა, მათი წარდგინებით. თუმცა, ჩვენ მაშინ ჩვენი გავიტანეთ და კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ არამხოლოდ იუსტიციის საბჭო, არამედ მათი წარმოდგენილი კანდიდატები შეირჩევიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად. ეს იყო პირველი ნაბიჯი ამ გზაზე.
დღეს ჩვენ ერთი მხრივ, ბუნებრივია კონსტიტუციის ჩარჩოებიდან არ უნდა გავიდეთ და მაქსიმალურად უნდა მოვარგოთ გადაწყვეტილება, რომელიც აისახება ორგანულ კანონში,- საქართველოს კონსტიტუციას და მეორე მხრიოვ, მაქსიმალურად გამჭირვალე და ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხით უნდა გავხადოთ მოსამართლეთა არჩევის კრიტერიუმები, რომელიც უნდა განახორციელოს თავის მხრივ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.