შეაქეთ კახა კალაძე - მერაბ მეტრეველი

შეაქეთ კახა კალაძე - მერაბ მეტრეველი

ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტის“ არაშენების მიუხედავად, დედაქალაქის მერს კახა კალაძეს საზოგადოების გარკვეული ნაწილი მაინც აკრიტიკებს. მოქალაქეების მხრიდან გამოთქმულ შეფასებებს, ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, ვაკის პირკის შემთხვევაში კალაძე უნდა შეაქონ, ხოლო "გამოქანებაზე“ უნდა გალანძღონ.

“თუ გინდათ, რომ თქვენს კრიტიკას ფასი ჰქონდეს, სადაც შესაქებია, იქ უნდა შეაქოთ, სხვა შემთხვევაში თქვენი კრიტიკის დევალვაცია ხდება. მე ვცდილობ ყოველთვის ასე მოვიქცე (რამდენად გამომდის, სხვა საკითხია). ამას იმათ გასაგონად ვწერ, მიუხედავად ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის პრობლემის მოგვარებისა, მაინც კალაძეს რომ ლანძღავს. ვაკის პარკზე შეაქეთ, "გამოქანებაზე“ კი გალანძღეთ. მგონი მარტივია…”, – წერს მეტრეველი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, სასტუმრო "ბუდაპეშტის“ მფლობელის გიორგი ზაქაიძისა და კახა კალაძის შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება.

როგორც "2020NEWS“-ს მერიაში განუცხადეს, ჯერ უცნობია, თუ სად აშენდება სასტუმრო. ამ ეტაპზე "ბუდაპეშტის“ მფლობელთან ადგილმონაცვლეობის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელმა გიორგი ზაქაიძემა განაცხადა, რომ ადგილმონაცვლეობას დათანხმდა. “მოხარული ვარ, რომ მოლაპარაკებები დასრულდა. ჩვენთვისაც რთული იყო ექვსი წელი ამ პროცესებში ყოფნა. მერია წამოვიდა შემხვედრ წინადადებაზე, რისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო, რომ დაძაბულობა და დაპირისპირებაც მოგვაშორა. მოვილაპარაკეთ, რომ კონკრეტულ ობიექტებზე, კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე შევთანხმდებით. არის რაღაც ჩამონათვალი და ჩვენმა კომპანიამაც მიიღო გადაწყვეტილება, დავთანხმდეთ ადგილმონაცვლეობას ან გამოსყიდვას. გვაქვს ალტერნატივა, ავირჩიოთ შემოთავაზებულიდან, რაც ჩვენთვის მისაღებია და რამდენიმე დღეში დავასრულებთ ამ პროცესს. შემოთავაზებული წინადადებები ადეკვატურია და გვაკმაყოფილებს“, – განაცხადა გიორგი ზაქაიძემ.