„ახლა არ ჩავარდეს პანიკაში და არ ატეხოს ამბავი, რომ, აი, ზეწოლას ახდენენო

„ახლა არ ჩავარდეს პანიკაში და არ ატეხოს ამბავი, რომ, აი, ზეწოლას ახდენენო"

იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდემარე ეკა ბესელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლის, სერგო მეთიფიშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს, რაც, მისი თქმით, მაგალითი იქნება ყველა მოსამართლისთვის, რომ მათ პოლიტიკურ პროცესებში ღიად ჩართვის უფლება თავს არასდროს მისცენ.

„ახლა კიდევ რომ არ ჩავარდეს პანიკაში და არ ატეხოს ამბავი, რომ აი, ზეწოლას ახდენენო, არასამართლებრივ რეაგირებას ვაპირებ. მოვითხოვ რომ დაიწყოს დისციპლინური წარმოება ამ მოსამართლის მიმართ, თვითონ საბჭოს წევრია და გარკვეული ინტერესთა კონფლიქტი არის, მაგრამ არ ვუყურებ ამ პროცესს მხოლოდ საბჭოს დონეზე დასატოვებელს და ვაპირებ, რომ ამ პროცესს ბოლომდე მივყვე და ყველა ინსტანციას გაივლის.

„ეს იქნება მაგალითი, რომ არასოდეს არც ერთმა მოსამართლემ თავს არ მისცეს უფლება, რომ პოლიტიკურ პროცესში ჩაერთოს ღიად და ეს რეაგირების გარეშე დარჩეს," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისათვის, მეთოფიშვილმა ბესელია არაერთხელ გააკრიტიკა; მან ფეისბუქზე განცხადება გაავრცელა, სადაც გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები, დეპუტატები და ამასთანავე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები მოსამართლეების მიმართ მუქარაში დაადანაშაულა. კონკრეტული სახელები და გვარები დაასახელა, მათ შორის ბესელიაც იყო და საკანონმდებლო ორგანოს რეაგირებისკენ მოუწოდა.

„...სამარცხვინოა და ყოვლად დაუშვებელია, როდესაც საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელი (ვგულისხმობ ბესელიასნაირ პოლიტიკოსებს), დიქტატორული მეთოდებით ებრძვიან საკუთარი ქვეყნის სასამართლო სისტემის, ანუ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას.

„უბრალოდ წარმოიდგინეთ, ბესელიამ და მისნაირმა პოლიტიკოსებმა ბოლო დღეებში მიზანმიმართულად გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებით როგორი უზარმაზარი ზიანი მიაყენეს საკუთარი ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების, ანუ საკუთარი ქვეყნის მესამე ხელისუფლების რეპუტაციას.

„ვეკითხები საზოგადოებას - რა არის ეს, თუ არა სამარცხვინო უპასუხისმგებლობა მათი მხრიდან?ისმის კითხვა რატომ აკეთებენ ამას? პასუხი მარტივია - ცდილობენ მოიპოვონ გავლენა სასამართლო სისტემაზე და "ჯიბის" სასამართლოდ აქციონ უზენაესი სასამართლო! სწორედ ამისთვის იბრძვიან ამჟამად, სწორედ ამიტომ შეეცდებიან შეიტანონ ცვლილება კანონში და საბჭო ვალდებული გახადონ ამ პროცესში ჩართონ პოლიტიკოსები და პოლიტიზირებული არასამთავრობო სექტორი და მათი ჩართულობით შეირჩეს მათთვის სასურველი კანდიდატები.

„იმედია ხელისუფლების უმრავლესი ნაწილი არ ფიქრობს ასე და გააგრძელებს დემოკრატიულ რეფორმებს სასამართლოში, რაც დაეფუძნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და მიმართული იქნება სისტემის მეტი დამოუკიდებლობისკენ!" - წერია მეთოფიშვილის განცხადებაში.