სისხლის ბანკი ცდილობს, უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს

სისხლის ბანკი ცდილობს, უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო "სისხლის ბანკის“ წარმომადგენლის განცხადებას ეხმაურება სისხლის მარაგის დეფიციტის შესახებ და აცხადებს, რომ სისხლის ბანკი ცდილობს, უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს.

როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, გუშინ დიდი დიღომში აფეთქების შემდეგ კლინიკებს რვა პაციენტმა მიმართა, მათგან ექვსმა იაშვილის კლინიკას, რის შედეგადაც სისხლის მინიმალური რაოდენობა გაიხარჯა.

"საჯარო მოხელის კოდექსი არ მაძლევს უფლებას, შესაბამისი შეფასება გავაკეთო. სისხლის ბანკი ცდილობს, უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს, მოიზიდოს უფასო დონორები და დაამზადოს პროდუქტი, რომელიც შემდგომ კომერციულად უნდა გაყიდოს. თან ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ქვეყანაში გლოვის დღეა გამოცხადებული და უამრავმა ადამიანმა უანგაროდ შესთავაზა დახმარება ტრაგედიის შედეგად დაზარალებულებს. ამ ფაქტის შეფასებას საზოგადოებას შევთავაზებ. ბავშვების მკურნალობის პროცესში დაიხარჯა ერთი ერთეული სისხლის პროდუქტი, რაც ძალიან ცოტაა, ამაზე ნაკლები მოცულობა უბრალოდ არ არსებობს. მარაგი, რა თქმა უნდა, შეფერხების გარეშე მიეწოდა კლინიკას. მას თავისი რესურსიც აქვს. ერთი ერთეული ყოველთვის არის,“ - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ცნობისთვის, იაშვილის ეზოში მდებარე შპს "სისხლის ბანკის“ მენეჯერმა ეკა გუგეშაშვილმა დღეს განაცხადა, რომ დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მათ სისხლის კომპონენტებით უზრუნველყვეს როგორც იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი ბავშვები, ასევე სხვა კლინიკის პაციენტები, რის გამოც, ახლა სისხლის მარაგის რაოდენობა მინიმუმია.