ის ადამიანები, ვინც გაზის უსაფრთხოებას ამოწმებენ, ხშირ შემთხვევაში ინჟინრები არ არიან

ის ადამიანები, ვინც გაზის უსაფრთხოებას ამოწმებენ, ხშირ შემთხვევაში ინჟინრები არ არიან

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის დავით მირცხულავას განცხადებით, ის ადამიანები, ვინც გაზის უსაფრთხოებას ამოწმებენ, ხშირ შემთხვევაში ინჟინრები არ არიან.

მისივე თქმით, დაგროვილი ბუნებრივი აირი დახურულ სივრცეში  დაახლოებით 120 წუთის განმავლობაში შეიძლება აფეთქდეს.

მირცხულავა  "2020NEWS“-თან საუბარში აცხადებს, რომ აუცილებელია დეტექტორების დაყენება, რომელიც გაზის გაჟონვის შემთხვევაში, მომენტალურად კეტავს გაზს.

"ბუნებრივი აირი დახურულ სივრცეში დაახლოებით 120 წუთის განმავლობაში შეიძლება აფეთქდეს. თუმცა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, აირის ჰაერთან როგორი შერევა მოხდება. დახურულ სივრცეში თუ ბუნებრივი გაზი ჰაერს შეერია, ძალიან საშიში ნარევი წარმოიქმნება. ამიტომ, აუცილებლად საჭიროა დეტექტორების დაყენება. ასევე  ტექნიკური მოწყობილობების შემოწმებები უნდა მოხდეს, რათა  დადგინდეს, არის თუ არა გაჟონვა“, - განუცხადა სააგენტოს დავით მირცხულავამ.

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის თქმით, ბუნებრივი აირის გაჟონვისგან თავის დასაცავად, ყველაზე კარგი საშუალება სახლის ხშირი განიავებაა.

"გერმანიაში ვერ ნახავთ ვერც ერთ ბინას, სადაც  გაზის დეტექტორის მოწყობილობა არ არის დაყენებული. გაზის დეტექტორს აქვს ავარიული ჩამკეტი, რომელიც მომენტალურად კეტავს გაზის შემოდინებას იმ სივრცეში სადაც გაჟონვა მიმდინარეობს.  ბუნებრივ აირს სუნი უნდა ჰქონდეს. თუმცა, სუნი არ არის ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორი. აუცილებელია, რომ დეტექტოები იყოს. თუ დეტექტორები არ არის, მაშინ ფანჯარა მაინც უნდა იყოს ღია, რათა გაზის  გაჟონვის შემთხვევაში, აირის დაგროვება არ მოხდეს“, - განუცხადა "2020NEWS”-ს დავით მირცხულავამ.

მისივე განცხადებით, ქვეყანაში გასატარებელია დამატებითი რეგულაციები და რაც ყველაზე მთავარია, ის ადამიანები ვინც გაზის უსაფრთხოების ზომებს ამოწმებენ, აუცილებლად ინჟინრები უნდა იყვნენ.

"რეგულაციები საჭიროა, რომელიც აღარ არსებობს. ვინმე გინახავთ, ვინც გაზის შიდა ქსელებს ამოწმებდეს? - ეს უკვე დიდი ხანია აღარ ხდება. ქვეყანაში უსაფრთხოების პრობლემაა. სამწუხაროდ, ჩვენ შესაბამისი კანონმდებლობაც არ გვაქვს. ის ხალხი, ვინც გაზის უსაფრთხოების ზომებს ამოწმებენ, ხშირ შემთხვევაში ინჟინრები არ არიან, რაც დაუშვებელია", -   აცხადებს მირცხულავა სააგენტოსთან საუბარში.

შეგახსენებთ, გუშინ საღამოს დიდ დიღომში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. 8 ადამიანი კი დაშავდა. დაზარალებული ოჯახები თბილისის მერიამ სასტუმროებში გადაანაწილა.