„ჩვენგან წასულნი მხოლოდ გარდაიცვალნენ, ისინი ცოცხლები არიან, ოღონდ სხვა სახით“

„ჩვენგან წასულნი მხოლოდ გარდაიცვალნენ, ისინი ცოცხლები არიან, ოღონდ სხვა სახით“

„აღვავლენთ ლოცვებს ნიკოლოზის, ნათიას, ნინოს და ლევანის უკვდავ სულთათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი", - ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.

„გამოვთქვამთ ჩვენს ღრმა მწუხარებას დიდ დიღომში გაზის აფეთქებით გამოწვეული ტრაგედიის გამო, რომელიც ყველას ტკივილად იქცა და მთელი ქვეყნის გულითადი თანაგრძნობა გამოიწვია.

მეტად ძნელია მომხდართან შეგუება, მაგრამ ოჯახის წევრები და ახლობლები, ყველა თანამდგომი უნდა განამტკიცოს რწმენამ იმისა, რომ ჩვენგან წასულნი მხოლოდ გარდაიცვალნენ, ისინი ცოცხლები არიან, ოღონდ სხვა სახით, შეცვლილი სახით აგრძელებენ ცხოვრებას, ახლა უკვე მარადიულ წარუვალ სამყაროში, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ.

აღვავლენთ ლოცვებს ნიკოლოზის, ნათიას, ნინოს და ლევანის უკვდავ სულთათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი, ხოლო ჩვენ მოგვცეს ძალა მათთვის ლოცვითი შეწევნისა", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა. დაშავებულები კლინიკებიდან დღეს გაწერეს და ამ დროისთვის იაშვილის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას.