“დავწყდებით სულ მალე…”

“დავწყდებით სულ მალე…”

16 იანვარს დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას მსახიობი ია სუხიტაშვილი “ფეისბუქის” გვერდზე ეხმაურება:

“შემძრა დიდ დიღომში მომხდარმა ამბავმა, დაღუპულების რაოდენობამ, დაუდევრობამ, არაპროფესიონალიზმა, უპაუხისგებლობამ ერთმანეთის მიმართ… თუკი სპეციალური სამსახური გამოძახებული იქნა მეზობლებისგან იმიტომ რომ გაზის სუნი იგრძნობოდა და ამ საქმის სპეციალისტებმა ვერაფერი აღმოაჩინეს, და რამდენიმე საათში ეს ტრაგედია დატრიალდა ცალსახაა, რომ არაპროფესიონალიზმის ბრალია… ეს პრობლემა მარტო მათ სფეროში, არამედ ყველგან მძვინვარებს, კარგი კადრები კი გარეთ არიან. დროა რომ ყველაფერი შეიცვალოს, თორემ დავწყდებით სულ მალე”, – წერს სუხიტაშვილი.

აფეთქება დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი, ხოლო 8 მოქალაქე დაშავდა.მათგან ხუთს გარეგანი დაზიანებები აღენიშნებოდათ და დილით საავადმყოფოდან სახლში გაწერეს.

აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა.

კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მკურნალობას 4 წლის გოგონა აგრძელებს. ბავშვს სკალპირებული ჭრილობების გამო სასწრაფო ოპერაცია საავადმყოფოში შეყვანისთანავე ჩაუტარდა. ექიმის განმარტებით, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში კორპუსში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები. მისვლის შემდეგ კომპანიის წარმომადგენლებმა შეამოწმეს სადარბაზო, თუმცა, არანაირი ზომები არ მიუღიათ.

აფეთქების ადგილზე თბილისის მუნიციპალიტეტის ლაბორატორიის ექსპერტები კორპუსის მდგრადობის შესწავლას იწყებენ.

ექსპერტები ჯერ ვერ აკონკრეტებენ, რა დრო დასჭირდებათ საბოლოო დასკვნისთვის.

მათი თქმით, პირველადი დათვალიერებით კორპუსი რესტავრაციის შემდეგ საცხოვრებლად ვარგისი იქნება, თუმცა ეს სურათი შესაძლოა, შეცვალოს.

ადგილზე საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ, თუმცა ძირითად შესწავლას შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ კრიმინალისტები ახორციელებენ, რომელმაც უნდა გასცეს საბოლოო პასუხი კითხვას, რამ გამოიწვია აფეთქება ავთანდილის ქუჩაზე.