“მათრახით და იძულებით, არ ვიცი, ცემით… სავალდებულო უნდა იყოს…”

“მათრახით და იძულებით, არ ვიცი, ცემით… სავალდებულო უნდა იყოს…”

16 იანვარს დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას მწერლი, დრამატურგი და მთარგმნელი დავით გაბუნია ეხმაურება:

“რამდენიმე კვირის წინ თეატრში თანამშრომლებს ჩაგვიტარეს სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგი. სავალდებულო ხდებაო საჯარო თავშეყრის ადგილებში უსაფრთხოების ნორმების დაცვა. მათრახით და იძულებით, არ ვიცი, ცემით სავალდებულო უნდა იყოს. მას მერე მართლა სულ სხვანაირად და ყურადღებით ვიქცევი სახლშიც. იმის ილუზია, რომ გაზგაყვანილობას მთლიანად გამოცვლიან და მიხედავენ, მგონი, არავის არა აქვს. ამ ველურ პირობებში ის მაინც ვიცოდეთ, ჩვენ რა შეგვიძლია“, –  წერს გაბუნია “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

აფეთქება დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი, ხოლო 8 მოქალაქე დაშავდა.მათგან ხუთს გარეგანი დაზიანებები აღენიშნებოდათ და დილით საავადმყოფოდან სახლში გაწერეს.

აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა.

კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მკურნალობას 4 წლის გოგონა აგრძელებს. ბავშვს სკალპირებული ჭრილობების გამო სასწრაფო ოპერაცია საავადმყოფოში შეყვანისთანავე ჩაუტარდა. ექიმის განმარტებით, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში კორპუსში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები. მისვლის შემდეგ კომპანიის წარმომადგენლებმა შეამოწმეს სადარბაზო, თუმცა, არანაირი ზომები არ მიუღიათ.

აფეთქების ადგილზე თბილისის მუნიციპალიტეტის ლაბორატორიის ექსპერტები კორპუსის მდგრადობის შესწავლას იწყებენ.

ექსპერტები ჯერ ვერ აკონკრეტებენ, რა დრო დასჭირდებათ საბოლოო დასკვნისთვის.

მათი თქმით, პირველადი დათვალიერებით კორპუსი რესტავრაციის შემდეგ საცხოვრებლად ვარგისი იქნება, თუმცა ეს სურათი შესაძლოა, შეცვალოს.

ადგილზე საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ, თუმცა ძირითად შესწავლას შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ კრიმინალისტები ახორციელებენ, რომელმაც უნდა გასცეს საბოლოო პასუხი კითხვას, რამ გამოიწვია აფეთქება ავთანდილის ქუჩაზე.