“არ ვიცი ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს მაგრამ, ორი რამე ცხადზე ცხადია…”

“არ ვიცი ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს მაგრამ, ორი რამე ცხადზე ცხადია…”

17 იანვრის გლოვის დღეა, გუშინ დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 8 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. ტრაგედია ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“არ ვიცი ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს მაგრამ, ორი რამე ცხადზე ცხადია … „ყაზტრანსგაზის” ეგრეთ წოდებული “გაზის კონსტრუქციები” ანუ ჟანგიანი მილების ლაბირინთი ქალაქში, რომლის მსგავსი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ მინახავს (72 ქვეყანაში ვარ ნამყოფი) და ეგრეთ წოდებული “დეველოპერები”… ჩემ მეზობელ პასკალასაც რომ შეუძლია გახდეს “დეველოპერი” ააშენოს 30 სართულიანი “საქათმო” და გაყიდოს ისე რომ, რა ააშენა და როგორი სტანდარტით, ჰქონდა თუ არა “მშენებელი ინჟინერის” სპეციალობა, იყო თუ არა კომპეტენტური მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობაში და ასე შემდეგ კაციშვილი არ მოიკითხავს...”, – წერს ფოფხაძე “ფეისბუქის” გვერდზე.

აფეთქება დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი, ხოლო 8 მოქალაქე დაშავდა.მათგან ხუთს გარეგანი დაზიანებები აღენიშნებოდათ და დილით საავადმყოფოდან სახლში გაწერეს.

აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა.

კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მკურნალობას 4 წლის გოგონა აგრძელებს. ბავშვს სკალპირებული ჭრილობების გამო სასწრაფო ოპერაცია საავადმყოფოში შეყვანისთანავე ჩაუტარდა. ექიმის განმარტებით, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში კორპუსში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები. მისვლის შემდეგ კომპანიის წარმომადგენლებმა შეამოწმეს სადარბაზო, თუმცა, არანაირი ზომები არ მიუღიათ.

აფეთქების ადგილზე თბილისის მუნიციპალიტეტის ლაბორატორიის ექსპერტები კორპუსის მდგრადობის შესწავლას იწყებენ.

ექსპერტები ჯერ ვერ აკონკრეტებენ, რა დრო დასჭირდებათ საბოლოო დასკვნისთვის.

მათი თქმით, პირველადი დათვალიერებით კორპუსი რესტავრაციის შემდეგ საცხოვრებლად ვარგისი იქნება, თუმცა ეს სურათი შესაძლოა, შეცვალოს.

ადგილზე საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ, თუმცა ძირითად შესწავლას შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ კრიმინალისტები ახორციელებენ, რომელმაც უნდა გასცეს საბოლოო პასუხი კითხვას, რამ გამოიწვია აფეთქება ავთანდილის ქუჩაზე.