“მიჭირს ამის თქმა, მაგრამ…”

“მიჭირს ამის თქმა, მაგრამ…”

17 იანვრის გლოვის დღეა, გუშინ დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 8 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.

ტრაგედიის თემაზე მედიის წარმომადგენელთა მხრიდან მუშაობას აფასებს ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა:

“მიჭირს ამის თქმა, მაგრამ სამარცხვინო ჟურნალისტები გვყავს… კომენტარის ჩაწერისას ადამიანს პირში თხრიან მიკროფონებს, ან თავში ურტყამენ ლამის… კამერებს სახის ძვალზე უდებენ რესპონდენტს… წივიან, ყვირიან, ღრიალებენ… ჯოგი სუფთა რა!

ყველას არ ეხება, მარა ტრაგედიების გაშუქებისას, ჟურნალისტების 90 %-ის საქციელი არის სამარცხვინო!!!  ეს არაფერში არ ზის უკვე“, – წერს ლაბარტყავა “ფეისბუქზე” .

დიდ დიღომში ავთანდილის ქუჩაზე გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქებისას სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება სულ 8 პირმა მიიღო. დაშავებულთა შორის 6 ბავშვია. მათგან ხუთს გარეგანი დაზიანებები აღენიშნებოდათ და დილით საავადმყოფოდან სახლში გაწერეს.

კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მკურნალობას 4 წლის გოგონა აგრძელებს. ბავშვს სკალპირებული ჭრილობების გამო სასწრაფო ოპერაცია საავადმყოფოში შეყვანისთანავე ჩაუტარდა. ექიმის განმარტებით, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

17 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გვიან ღამით დაუშვეს სახელმწიფო დროშები ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე.