აფეთქებული საცხოვრებელი კორპუსი ექსპლუატაციაში შესული არ ყოფილა

აფეთქებული საცხოვრებელი კორპუსი ექსპლუატაციაში შესული არ ყოფილა

საცხოვრებელი კორპუსი, სადაც გუშინ საღამოს აფეთქება მოხდა, ექსპლუატაციაში არ იყო შესული, თუმცა, როგორც ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, ბინებში მოქალაქეები მაინც ცხოვრობდნენ.

„ჩემი ინფორმაციით, ექსპლუატაციაში, არ იყო შესული. თუმცა ამას მერიის შესაბამისი სამსახური ზუსტად გეტყვით," - განაცხადა ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, გუშინ საღამოს, დაახლოებით 20:30 საათზე, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში, აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და აქედან ერთი მცირეწლოვანია. დაშავდა 8 ადამიანი, თუმცა მათი გაწერა კლინიკიდან დღეს მოხდება. ამ დროისთვის, იაშვილის კლინიკაში ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას.

აფეთების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვა იყო. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც „ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლები გამოიძახეს. ადგილზე მისვლის შემდეგ თქვეს, რომ პრობლემა არ იყო და ტერიტორია დატოვეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ამ წუთებში ადგილზე ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს. შესწავლის შემდეგ გვეცოდინება, შესაძლოა თუ არა კორპუსის აღდგენა და მცხოვრებლების დაბრუნება.

ენერგოომბუდსმენმა საკითხის შესწავლა დაიწყო და ახსნა-განმარტებას „ყაზტრანსგაზისგან" მოითხოვს. ამ დრომდე „ყაზტრანსგაზის" წარმომადგენელთა დაკითხვა გრძელდება. „ყაზტრანსგაზის" თანამშრომლები გუშინ ღამითაც ჰყავდათ დაბარებული.