რთული წარმოსადგენია, რა უნდა იყოს აფეთქების მიზეზი

რთული წარმოსადგენია, რა უნდა იყოს აფეთქების მიზეზი

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე თბილისში აფეთქების შედეგად გარდაცვლილების ოჯახებს უსამძიმრებს.

როგორც ზოიძემ "2020NEWS“ -თან საუბრისას აცხადებს, ჯერჯერობით უნდა გაირკვეს, რა იყო გაზის აფეთქების მიზეზი და ამის შემდეგ უნდა დაწესდეს რეგულაციები, თუ ამის საჭიროება იქნება.

"ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა მთელი საქართველოსთვის, დატრიალდა ძალიან დიდი ტრაგედია. ვიზიარებ ყველა დაღუპულის ოჯახის მწუხარებას.

იმისათვის, რომ რეგულაციები დაწესდეს, ჯერ უნდა გავარკვიოთ რა იყო გაზის აფეთქების მიზეზი. თუ საჭირო იქნება, აუცილებლად შევიტანთ ცვლილებებს კანონში. ძალიან რთული წარმოსადგენია, რა უნდა იყოს აფეთქების მიზეზი, ვიღაცის სამსახურობრივი გულგრილობა თუ რაიმე სხვა პრობლემა. გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა და თუ საჭირო იქნება, რომ კიდევ დამატებითი უსაფრთხოების ნორმები შემოვიღოთ, ამას გამოძიება გამოაჩენს. ამ ეტაპზე კანონმდებლობაში შესაბამისი მუხლი გათვალისწინებულია“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

შეგახსენებთ, აფეთქება აღნიშნულ კორპუსში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. დაღუპულთა შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება. კლინიკა უკვე დატოვა ორმა მოზრდილმაც.

დაზარალებული 31 ადამიანი  თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.