"ქალაქი ნაღმზე ზის, აფეთქებების რიცხვი გაიზრდება, შესაძლებელია მასშტაბური აფეთქებაც“

ექსპერტი სოსო სიმონიშვილი თბილისის იმ ადგილებს ასახელებს, სადაც გაზი ჟონავს და საგანგაშო პროგნოზს აკეთებს. საქართველოში გაზის გაჟონვის მიზეზით წელიწადში დაახლოებით 10 კაცი იღუპება, ათასობით კი იწამლება. ამ დროს გაზმომარაგების სისტემა ქვეყანაში კანონისა და რეგულაციების მიღმაა, შესაბამისად, არავინ არის უსაფრთხო გაზმომარაგებაზე პასუხისმგებელი და აფეთქების რისკის ქვეშ, ფაქტობრივად, მთელი თბილისი დგას.

"ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე მივწერე პარლამენტს, ენერგეტიკის სამინისტროსა და გარემოს დაცვის მინისტრს. ენერგეტიკის მაშინდელი მინისტრის მოადგილესაც ყველაფერი დეტალურად ავუხსენი, მაგრამ არაფერი გაკეთებულა. ქალაქში გაზგაყვანილობის მიწისქვეშა ქსელები დაფხავებულია და გაზი ჟონავს.

მინდა გავაფრთხილო მოსახლეობა - არასდროს დაგმანონ შენობაში ყველა ფანჯარა და კარი. თუ სახლში ჰაერი არ შემოდის, დიდ საფრთხეს უქმნით თქვენს თავს.

თვით გაზი მომწამვლელი არ არის, მომწამვლელია და კლავს წვის პროდუქტი, გამონაბოლქვი. ამიტომ, თუ სარკმელი ოდნავ მაინც გაქვთ გამოღებული, ის არც აფეთქდება და არც მოგწამლავთ. აფეთქება შესაძლოა გამოიწვიოს დახურულ შენობაში როგორც მიწისქვეშა, ისე გაზის ხელსაწყოდან გაჟონვამ. სადღაც ახლოს შესაძლოა მიწისქვეშა გაჟონვა იყოს და გაჰყვეს ტელეფონის კაბელს ან კანალიზაციის მილს, დაგროვდეს, მაგალითად, ტუალეტში...

ქალაქი ნაღმზე ზის. კვლავ გვექნება აფეთქებები, მსხვერპლიც და კვლავაც არავის მოეთხოვება პასუხი", - განუცხადა "კვირის პალიტრას" "ყაზტრანსგაზ-თბილისის" დირექტორის ყოფილმა მოადგილემ სოსო სიმონიშვილმა.