კონსტანტინეპოლმა უკრაინის ეკლესია არ შექმნა ცარიელ ადგილას, არამედ შექმნა მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციის ქვეშ არსებული ეკლესიის ტერიტორიაზე

კონსტანტინეპოლმა უკრაინის ეკლესია არ შექმნა ცარიელ ადგილას, არამედ შექმნა მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციის ქვეშ არსებული ეკლესიის ტერიტორიაზე

სოციალური ქსელში ექსპერტი (რელიგია) გურამ ნიკოლაშვილი პირად გვერდზე  წერს:

უკრაინის ახალი ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მიღება კონსტანტინეპოლის საპატრიარქოდან წმინდად პოლიტიკური გარიგებისა და შეთანხმების ნაყოფია. პრინციპში, ავტოკეფალიები ყველა დროში ასეც გაიცემოდა.

კონსტანტინეპოლმა უკრაინის ეკლესია არ შექმნა ცარიელ ადგილას, როგორც იაპონიის ან აშშ-ს ეკლესიები შეიქმნა თავის დროს, არამედ შექმნა მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციის ქვეშ არსებული ეკლესიის ტერიტორიაზე ამ უკანასკნელის წინააღმდეგობის მიუხედავად. კირილესა და ბართლომეს შორის შეთანხმება ვერ მოხდა.

საქართველოს ეკლესიას თავისი სატკივარი აქვს, რაკი თავის ორ ეპარქიაზე ვერ ახორციელებს კონტროლს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის და მიწების რუსული ოკუპაციის გამო. არ შეიძლება ეკლესიამ ავტოკეფალიის საფუძვლის ღრმა გააზრებისა და განხილვის გარეშე მხარი დაუჭიროს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც თავისი არსით ხვალ შეიძლება უკან შემოუტრიალდეს. ან არ შემოუტრიალდეს.

მიუხედავად თემის უკიდურესი პოლიტიზებისა, საეკლესიო ურთიერთობებს თავისი სპეციფიკა აქვთ. ამ ურთიერთობების გადმოტანა ქვეყნის შიგნით არსებული ვიწრო პარტიული ინტერესების ხორცშესასხმელად, უბრალოდ მავნებლობაა. დღევანდელმა სახელმწიფომ სწორედაც რომ უნდა მოუსმინოს ქართულ ეკლესიას და მის წინამძღოლს, რომლის მოღვაწეობა და გადაწყვეტილებები ბევრად ბრძნული გამოდგა უკანასკნელი 4 ათწლეულის განმავლობაში, ვიდრე საერო ხელისუფლებებისა.

ზიანის მომტანი ამ ქვეყანაში მხოლოდ ნაჩქარევი გადაწყვეტილებებია, მითუმეტეს მსგავს მგრძნობიარე თემაზე. პოლიტიკური ჯგუფები არად აგდებენ თემის მნიშვნელობას და რუსულ ნარატივზე ცდილობენ ქულების დაწერას.