პრობლემური სესხების პატიების პროექტი წარმატებით დასრულდა

პრობლემური სესხების პატიების პროექტი წარმატებით დასრულდა

 

„პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრობლემური სესხების პატიების პროექტი წარმატებით დასრულდა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა პრობლემური სესხების განულების პროექტის შედეგების შეფასებისას.

როგორც მან აღნიშნა, ამჟამად, საიტზე vali.ge უკვე ატვირთულია მონაცემები 609 ათასზე მეტი ფიზიკური პირის 1,360, 991 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ხოლო ჯამური დავალიანების თანხა შეადგენს 4,027,099,783 ლარს.

„პრობლემური სესხების უდიდესი ნაწილის გამოსყიდვა მოხდა ფონდ „ქართუს“ მიერ. ამისთვის, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ფონდ „ქართუს“ და ყველა იმ საფინანსო ორგანიზაციას, რომელმაც მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ პროექტში“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, ფონდ „ქართუს“ შეთავაზების შემდეგ, პრობლემური სესხების განულების პროექტში დამატებით ჩაერთო 14 საფინანსო ორგანიზაცია.

„1-ლი იანვრიდან 15 იანვრის პერიოდში, პროექტში მონაწილეობის სურვილი 14-მა არასაბანკო დაწესებულებამ გამოთქვა. მათგან 12 საფინანსო დაწესებულების მონაცემები უკვე ასახულია ვებგვერდზე. ასევე, შეთანხმება მიღწეულია 2 ორგანიზაციასთან სესხების შეძენის თაობაზე და მათი მონაცემებიც უახლოეს პერიოდში განთავსდება საიტზე. შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ის სესხი, რომლის რეალიზაციის მზადყოფნა და სურვილი გამოთქვეს საბანკო და არასაბანკო დაწესებულებებმა, იქნა გამოსყიდული და ჩამოწერილი მსესხებლებზე. ამით აღნიშნული პროექტი წარმატებით დასრულდა“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.